2010-11-24

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ჯონ მაქსველ ჰამილტონი თსუ–ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტი, პროფესორი  ჯონ მაქსველ ჰამილტონი ეწვია და თანამედროვე ჟურნალისტიკის პრობლემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა.  შეხვედრას თსუ–ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილიც ედაესწრო. საჯარო ლექციისადმი დიდი ინტერესი  თსუ–ის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებთან ერთად სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმაც გამოამჟღავნეს. პროფესორი ჰამილტონი სტუდენტებს მსოფლიო ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპებზე, თანამედროვე ჟურნალისტიკის ასპექტებზე, მიმდინარეობებსა და პრობლემებზე ესაუბრა; პარალელები გაავლო სხვადასხვა ქვეყნის მედიაგამოცდილებაზე და ძირითადი აქცენტი ჟურნალისტიკის სტანდარტებზე გააკეთა. მედიადამოუკიდებლობა, ჟურნალისტური ეთიკა, მიუკერძოებლობა, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების თავისებურებანი და პრინციპები  განიხილა პროფესორმა  ჯონ მაქსველ ჰამილტონმა შეხვედრაზე. ზოგიერთმა საკითხმა კი ლექციის დროს  პროფესორსა და სტუდენტებს შორის დისკუსია გამოიწვია. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჟურნალისტი გახდე, ჟურნალისტის პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად რა უფრო მნიშვნელოვანია –  თეორიული კურსი თუ პრაქტიკა, საჭიროა თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე  სწავლა თუ სპეცკურსის გავლა, თუ ჟურნალისტიკა ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი – ამ შინაარსის კითხვები დაუსვეს მომავალმა  ჟურნალისტებმა პროფესორს, რომელზეც  ჰამილტონმა საინტერესო პასუხები გასცა. „შესაძლოა, ჟურნალისტი ნებისმიერი პროფესიის ადამიანი გახდეს, მაგრამ ყველა ვერ გახდება ჟურნალისტი “– აღნიშნა ჰამილტონმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის სკოლას. 

  იგი  გახლავთ მრავალი წიგნის და სახელმძღვანელოს ავტორი. მათ შორის ერთ-ერთი - ”ჩაეჭიდე პრესას”,  ნათარგმნია ქართულ ენაზე და  ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოა საქართველოში. დისკუსია ჟურნალისტებსა და პროფესორ ჰამილტონს შორის საჯარო ლექციის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.
















Print

« იხ. ყველა სიახლე