ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-27

მემორანდუმი თსუ-სა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცოდნის ამაღლების მიზნით; მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება  სტუდენტთა პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.
“ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ევროპულ ორიენტაციას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ კუთხით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, თუნდაც ეს მომორანდუმი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების უკეთ ჩართულობას ამ პროცესში, რასაც  ჰქვია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. უნივერსიტეტისთვის ეს პრიორიტეტულია ისევე როგორც ქვეყნისთვის და დღეს სწორედ ეს დოკუმენტი ფორმდება“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თქმით, მემორანდუმი უნივერსიტეტთან ითვალისწინებს ძალიან აქტიურ თანამშრომლობას, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით. “ამ პროცესების დაჩქარების მიძნით ძალიან დიდი როლი ენიჭებათ ახალგაზრდებს.  მოხარულნი ვართ, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ევროინტეგრაციის პოპულარიზაციაში და შესაბამისი მაღალი დონის კადრების მომზადებას მომავლისთვის, რათა მათ აქტიური როლი ითამაშონ ქვეყნის ევროპულ ოჯახში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრების პროცესში“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი   უზრუნველყოფს  უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციების ჩატარებას, როგორც უცხოელი ექსპერტების, ასევე აპარატის ხელმძღვანელი პირების მიერ; ინფორმაციის მუდმივად მიწოდებას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის  საკითხებზე; ასევე, წარჩინებული სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით ტრეინინგების ჩატარებას, ასევე სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“-ის მიერ გამართულ ღონისძიებებში უნივერსიტეტის ჩართულობას.
თავის მხრივ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  შეარჩევს შესაბამისი ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატში პრაქტიკის გავლის მიზნით; ჩაერთვება  სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; უზრუნველყოფს სამეცნიერო სტატიების მომზადებას და შერჩევას სახელმწიფო მინისტრის აპარატის კვარტალურ გამოცემაში „საქართველოს ევროპული გზა“ გამოქვეყნების მიზნით; საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საექსპერტო მხარდაჭერას;  სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს  კვლევების განხორციელებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
დღესვე ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

Print

« იხ. ყველა სიახლე