2011-02-24

"საბჭოეთის ისტორიის" ჩვენება თსუ-ში

"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლატვიელი რეჟისორის ედვინ შნორის დოკუმენტური ფილმის "საბჭოეთის ისტორიის" ჩვენება და განხილვა გაიმართა.

ფილმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ წარადგინა. "ფილმში წარმოდგენილი ისტორია სრული სიმართლეა და რეალურ მოვლენებს ასახავს. ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში განათლების სამინისტრო "საბჭოეთის ისტორიას" სხვა სასწავლო დაწესებულებებშიც აჩვენებს. გვაინტერესებს როგორ აღიქვამს დღევანდელი ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის ისტორიის 70-წლიან ეპოქას და წარსულის გაანალიზებით, როგორ უყურებს მომავალს." თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით " ეს ფილმი საგანგებოდ იმისათვის შეირჩა, რომ მასში აღწერილი მოვლენები დღესაც აქტუალურია. ისტორია მხოლოდ წარსული არ არის, ისტორია მომავალსაც განსაზღვრავს. თავად ფილმში ბევრი შეკითხვაა დასმული. ფილმის ავტორებს სურდათ, რომ ეს კითხვები გასჩენოდა მაყურებელსაც და ნანახიდან საკუთარი დასკვნა გამოეტანა." ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც თსუ-ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

"საბჭოეთის ისტორიის" იდეის ინიციატორები ევროპარლამენტის დეპუტატები გირტს ვალდის კრიშტოვსკი და ინესა ვაიდერე არიან. ფილმში ნაჩვენებია საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის შედარება დაწყებული სიმბოლოებითა და იდეოლოგიით, ადამიანთა მასობრივი განადგურების ხერხებით დამთავრებული. ფილმში გამოყენებულია დოკუმენტური ფოტო და კინო მასალა, თვითმხილველებთან ინტერვიუები; მონაწილეობას იღებენ ცნობილი პროფესორები და ისტორიკოსები ნორმან დევისი და ჯორჯ ვუდსონი(კემბრიჯი), ვლადიმერ სერგეიჩუკი (კიევი), ბორის სოკოლოვი, ნატალია ლებედევა, სერგეი სლუხი (მოსკოვი), ასევე ჯგუფ "მემორიალის" წევრი ალექსანდრ გირანოვი, წიგნის "კომუნიზმის შავი წიგნი" ავტორი ნ. ვერტი, ევროპარლამენტის დეპუტატი ფინეთიდან არი ვატანენი, სუკ-ის გენერალი კარპოვი, რუსი დისიდენტი ვლადიმერ ბიკოვსკი და სხვა. ფილმი ერთგვარი გაფრთხილებაცაა და გარკვეული ბრალდებაც წამყვანი სახელმწიფოებისადმი, რომელთა უმოქმედობამაც მიიყვანა სსრკ და გერმანია ამ მდგომარეობამდე.
Print

« იხ. ყველა სიახლე