2014-09-02

სამაგისტრო პროგრამის „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ღია კარის დღე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სამაგისტრო პროგრამის „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი,  კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის რექტორი მაიკლ ქაუგილი, საქართველოში ტემპუსის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი, მოწვეული სტუმრები და სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის მოადგილის მარინე ჩიტაშვილის განცხადებით, „ამ პროგრამის ყველაზე გამორჩეული სიახლეა ის, რომ ეს არის ინტერსაუნივერსიტეტო პროგრამა, რაც გულისხმობს, რომ პროგრამას ერთობლივად განახორციელებს 3 ქართული უნივერსიტეტი და ბელგიის, გერმანიის, ესპანეთისა და ბულგარეთის უნივერსიტეტები. 6 არსებულ კურსთან ერთად შემუშავებული იქნება 4 ახალი კურსი. ეს კურსები უკვე ჩასმულია სასწავლო პროგრამაში. რაც მთავარია, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება კარიერული განვითარების ცენტრის ფუნქციონირებაში, რადგან სტუდენტებს შეეძლებათ სწავლის პროცესში პრაქტიკაც გაიარონ.“
„ევროპა და ევროპული ცხოვრების წესი ეფუძნება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჰარმონიულ ურთიერთობას. ახალი სამაგისტრო პროგრამა არამარტო სწავლებას გულისხმობს, არამედ კვლევასაც და მოემსახურება პროცესის სრულყოფილ განხორციელებას. ამ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს არ გაუჭირდებათ დასაქმება. ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ მემორანდუმს რამდენიმე სახელმწიფო უწყებასთან, რომლის საფუძველზეც სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას, ხოლო შემდგომ სამაგისტრო თეზისებს მომაზადებენ უცხოეთში და გახდებიან დარგის ჩამოყალიბებული სპეცილისტები,“- აღნიშნა პროექტის ქართული მხარის ხელმძღვანელმა ბექა ნაცვლიშვილმა.  
„ძალიან წარმატებული ორწლიანი სამაგისტრო პროგრამაა. ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ევროპული ღირებულებები, რომ  განვავითაროთ ქართული შრომითი ურთიერთობები. ეს არის 3 ქართული და 4 ევროპული უნივერსიტეტის თანამშრომლობა . ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ ამ პროგრამაზე და ახლა უკვე მზად ვართ განვახორციელოთ ეს სამაგისტრო პროგრამა,“- განაცხადა პროექტის უცხოელმა პარტნიორმა, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგემ ჟაკ მიუროქსმა.
ახალი სამაგისტრო პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თსუ-ში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. ეს ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება ერთდროულად სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე. სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკის პოლიტიკა, დასაქმების პოლიტიკა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში, კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები, შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში, ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთობებში, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, შედარებითი შრომის სამართალი.
პროექტის უცხოელი პარტნიორები არიან: ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (აპლიკანტი),  პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი,  მაგდებურგის უნივერსიტეტი,  სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი.
მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ, პროექტის ფინანსური დახმარებით, სამაგისტრო თეზისები მოამზადონ საზღვარგარეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე