ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერი) რექტორებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის საფუძველზე ორი უმაღლესი სასწავლებელი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებას იწყებს. ინგლისურენოვანი პროგრამა “საჯარო მმართველობა” საერთაშორისო დონის პროექტია, რომელსაც სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან ერთად მომავალ მაგისტრებს სთავაზობს. სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე ადმინისტრირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სახელმწიფო მართვის ყველა დონეზე. დაინტერესებულ პირებს საჯარო მმართველობის სფეროში ევროპულ გამოცდილებას საერთაშორისო დონის გერმანელი პროფესორები გაუზიარებენ. სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი დიპლომის გაცემის პერსპექტივას.
პრეზენტაციას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული, გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი კარლ-პეტერ ზომერმანი უძღვებოდნენ. დოქტორმა ზომერმანმა ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის უპრეცედენტო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას ახალი სამაგისტრო პროგრამის პერსპექტივები გააცნო.
ამ დროისათვის გერმანიაში საჯარო მოხელეების უმაღლესი განათლების ცენტრად წოდებული ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი 1947 წელს დაარსდა. მაღალი დონის საჯარო მმართველობას ამ უნივერსიტეტში გერმანიისა და წამყვანი ევროპული სახელმწიფოების საჯარო მოხელეები ეუფლებიან, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რომან ჰერცოგი. გერმანიის სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს სკოლაში სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუაც აწარმოებდა: “ჩვენ ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც ირჩევს ევროპის გზას, ამისთვის აუცილებელია მაღალი დონის საჯარო მმართვის სტრუქტურა. ახალი სამაგისტრო პროგრამა - ეს არის ევროპული გამოცდილების გაზიარება და პროფესიონალი კადრების მომზადება სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე”.
სფეროს აქტუალურობას სტუდენტებისა და სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული სტუმრების რაოდენობაც ადასტურებდა. სამაგისტრო პროგრამაში თავისუფალ მსმენელებად ჩართვის სურვილი პრეზენტაციაზე მოწვეულმა, როგორც აღმასრულებელმა, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. “კადრების საჭიროება დღეს, როგორც არასდროს ისე დგას ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო სამსახური სწორედ მსგავსი განათლებამიღებული, კვალიფიციური კადრებით უნდა დაკომპლექტდეს, ამიტომ ეს მდიდარი რესურსი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია”, - აღნიშნა პრეზენტაციაზე პარლამენტის წევრმა გიგი წერეთელმა.
“გახდი მომავლის ლიდერი” – ამ დევიზით სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ადმინისტრირების განხრით ევროპული განათლების მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პროექტის ავტორები დაინტერესებულ პირებს სტუდენტობიდანვე საკუთარ წარმატებულ კარიერაზე ზრუნვას სთავაზობენ; ხოლო ისინი, ვინც საჯარო სამსახურში უკვე მსახურობენ, პროფესიული გადამზადების კურსებს გაივლიან, რომელსაც გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების მქონე პროფესორები შესთავაზებენ. შეთანხმების მიხედვით გათვალისწინებულია 25 მაგისტრის შერჩევა, რვა მათგანი კი, გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში კვლევითი სამუშაოებისთვის გაიგზავნება.
31 ივლისს ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა. პირველი ერთობლივი მასშტაბური პროექტი “საჯარო მმართველობა” სწავლის დაწყებასთან ერთად რეალობად იქცევა.