ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-09

„ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში მსოფლიოში გაფანტულ თანამემამულეთა ორგანიზაციის „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ პრეზენტაცია გაიმართა.
თსუ ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელის რუსუდან კობახიძის განცხადებით, „ქართველი პოლიტიკური ემიგრაცია ძველი ემიგრაციის ნავსაყუდელში ბრუნდება. ღონისძიებაზე ახალი ემიგრაციის  ანუ ემიგრაციის მესამე ტალღის ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯდომარე ელიზა აბელაშვილი და ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები ესწრებიან. დღეისათვის ემიგრანტთა მსოფლიო ლიგაში გაწევრიანებულია 8600-ზე მეტი ქართველი. სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება დღეს ხდება თსუ ემიგრაციის მუზეუმში. აქ არის კავშირი ძველსა და ახალ ემიგრაციას შორის. ეს ადამიანები ცდილობენ ააშენონ ხიდი სამშობლოსთან, გააძლიერონ ქართული ემიგრაცია და ხელი შეუწყონ მათ დაბრუნებას სამშობლოში.“
„დღეს ჩვენთვის ძალიან ემოციურად დატვირთული დღეა, ძალიან დიდი მცდელობის შემდეგ შესაძლებელი გახდა მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი ემიგრანტების ერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება. ეს დღე აუცილებლად აქ უნდა აღგვენიშნა. მე მინდა მივესალმო ემიგრანტებს, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან ამ ორგანიზაციის პრეზენტაციას,“- განაცხადა ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯდომარემ ელიზა აბელაშვილმა.
 ორგანიზაცია „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ მიზანია ხელი შეუწყოს კავშირის გამყარებას ძველსა და ახალ ემიგრაციას შორის.

Print

« იხ. ყველა სიახლე