ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-26

II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა" გაიხსნა.  კონფერენციის ორგანიზატორია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
კონფერენციის თემაა „ზღვა ინტერდისციპლინურ კონტექსტში“, რომლის მიზანია საზღვაო სანაპირო სივრცის როლის წარმოჩენა სახელმწიფოთა, ხალხთა და კულტურათა პლანეტარული ინტეგრაციის ფონზე.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში გრძელდება ის საუკეთესო ტრადიციები, რომელსაც 90 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. დღესაც წარმატებით ვითარდება ჩვენს უნივერსიტეტში საზოგადოებრივი  გეოგრაფიის მიმართულება. ამის დასტური ეს საერთაშორისო კონფერენციაც არის, რომელზეც მრავალი საინტერესო მოხსენებები გაკეთდა. ვფიქრობ, მგავსი სახის ღონისძიებები საინტერესო იქნება როგორც მეცნიერთათვის, ასევე სტუდენტებისთვის.“    
„მოგეხსენებათ, საქართველოსთვის ზღვა ძალიან მნშვნელოვანია. საზღვაო ქვეყნებს  ძალიან განსხვავებული გეოპოლიტიკური ხედვა აქვთ, ვიდრე ჩაკეტილ ქვეყნებს. კონფერენციაზე გაკეთდება საკმაოდ საინტერესო მოხსენებები, რომელიც ამ საკითხებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ერთ-ერთი მოხსენება შეეხება საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემას - საზღვაო მეკობრეობას. კონფერენცია ეძღვნება თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის დაარსების 90 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრა, რომელსაც დღეს საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებაა ჰქვია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად სწორედ თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაიხსნა მსგავსი კათედრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანია, რომ ეს დარგი ახლაც ვითარდება. საზოგადოებრივი გეოგრაფიის მეცნიერებას სტუდენტები დღესაც ინტერესით ეუფლებიან,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ.
კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მეცნიერის, პროფესორ გიორგი გეხტმანის თაოსნობით ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის დაარსების 90 წლისთავს.
კონფერენციაზე, რომელიც 27 ივნისამდე გასტანს, რამდენიმე სექცია იმუშავებს:  გლობალიზაცია და რეგიონული კვლევები;  ეკონომიკა; საპორტო სისტემები, ტრანსპორტი და რეგიონული განვითარება; საზოგადოებრივი გეოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები; სოციოლოგია, სემიოტიკა, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციები, ფსიქოლოგია.
    



    





Print

« იხ. ყველა სიახლე