ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მელიღელე II-ს არქეოლოგიური გათხრები განაახლა.
მელიღელე II ძვ.წ. XII-VIII საუკუნეების სატაძრო კომპლექსი პრაქტიკულად ხელუხლებლად არის ჩვენამდე მოღწეული. კომპლექსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. მელაანის სამხრეთით, დაცემულ ვაკეზე მდებარეობს. მის გარშემო, მთაგორებზე ოციოდე ნაქალაქარია ციტადელით.
საცხოვრებელი ადგილიდან გამოყოფილი ძვ.წ. II ათასწლეულის ცენტრალური სამლოცველოები – ტაძრები იორ-ალაზნის ორმდინარეთში თანადროული საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების მაღალი განვითარების მანიშნებელია და უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის აღნიშნული პერიოდის კულტურულ-ანთროპოლოგიური კვლევებისათვის. ისინი რამდენიმე ათეული ქალაქური ტიპის დასახლებების ცენტრში მდებარეობს და სავარაუდოს ხდის უკვე ამ დროიდან დიდი პოლიტიკური გაერთიანებების არსებობას.
XX ს-ის 60-იან წლებში, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, მელიღელე I-ის გათხრების დროს გაიწმინდა მელიღელე II-ის მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი ყრილის მცირე ნაწილი, სადაც დამწვარი ქვის ნამტვრევი ფენის ქვეშ გამოვლინდა ქვის დიდი ლოდებით ნაგები წრიული კედლის და სათავსოების (სამსხვერპლოები) ქვის წყობის ზედა ნაწილები. დამწვარი ქვის ფენაში შერეული იყო რკინის სხვადასხვა ნივთები და მამაკაცის ბრინჯაოს და ცხენის ქანდაკებები. უფრო ღრმად მაშინ გათხრები აღარ უწარმოებიათ და მელიღელე II-ის გაწმენდილი ფართობი დაკონსერვდა. მელიღელე II-ს სამლოცველოს ქვაყრილში და მის ქვეშ დიდი ლოდებით ნაგებ სათავსოებში სავარაუდოდ, უნდა იყოს ასობით და ათასობით შეწირული ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, ღვთაებების ნაწილები, ლაგმები, სხვადასხვა სამკაული, სარიტუალო თიხის ჭურჭელი და ა.შ.
არქეოლოგიურ ექსპედიციაში საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში 19 სტუდენტი მონაწილეობს. კვლევები ჩატარდება გეოფიზიკური აზომვების უნიკალური აპარატურით, რომელიც თსუ-ს გააჩნია; ხოლო თსუ ქართულ-კავკასიური კულტურის, ისტორიის და ეთნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი აღჭურვილია დიგიტალური აზომვებისთვის საჭირო განსაკუთრებით ძვირადღირებული ხელსაწყოებით, რაც საშუალებას იძლევა საქართველოს ისტორიის ეს უნიკალური ძეგლი გაითხაროს და დაფიქსირდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
მელიღელე II გათხრები 20 აგვისტომდე გასტანს. კომპლექსის სამეცნიერო კვლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარსულის შესწავლისთვის.