2014-12-09

თსუ-ში მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი გაიხსნა.  ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ისტორიული მუზეუმი გაიხსნა, რომელსაც საფუძველი ალექსანდრე ჯანელიძემ დაუდო. აქ გამოფენილი ექსპონატები არა მხოლოდ სამუზეუმო, არამედ სასწავლო დანიშნულებისაა. ახალგაზრდებს, მეცნიერებს უნიკალური საშუალება ეძლევათ გაიღრმაონ ცოდნა, შეისწავლონ მასალები და გამოიყენონ თავიანთი სამეცნიერო კვლევებისთვის.“
„მონოგრაფიული პალეონტოლოგიის მუზეუმის ხელახალი გახსნა დიდი მოვლენაა არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეში. ექსპოზიციაში უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს ჩვენი სტუდენტების განვითარებაში. მეცნიერ-გეოლოგებს და მომიჯნავე დარგის სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ ამ ნიმუშების სამეცნიერო კვლევებში გამოყენების,“- აღნიშნა თსუ მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.
საქართველოში პალეონტოლოგიური მუზეუმი თბილისის უნივერსიტეტში 1926 წელს ალექსანდრე ჯანელიძემ დააარსა. ალექსანდრე ჯანელიძემ ამ დარგში უმაღლესი განათლება საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ქალაქ გრენობლში მიიღო, რომელსაც მდიდარი პალეონტოლოგიური მუზეუმი გააჩნდა. აქ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს  სხვადასხვა მხარეში მოპოვებული პალეონტოლოგიური მასალა და შესაბამისი ლიტერატურა. ამიტომ, გრენობლის უნივერსიტეტი სტუდენტი-პალეონტოლოგებისათვის სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა.
ალექსანდრე ჯანელიძემ გრენობლის უნივერსიტეტში არსებული სამუზეუმო კარადების, ვიტრინებისა და სტელაჟების ზუსტი ნახაზები გადმოიღო, რის მიხედვითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამისი სამუზეუმო ავეჯი დაამზადებინა. პირველი კოლექცია ალექსანდრე ჯანელიძის მიერ აღმოჩენილი ამუნიტების განსაკუთრებული ნაირსახეობა ე.წ. კოლხიდიტები გახლდათ.
მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი უნივერსიტეტის პირველი კორპუსში იყო განთავსებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსების შემდეგ, მუზეუმი გეოლოგიის ინსტიტუტში გადაიტანეს. მოგვიანებით გეოლოგიის ინსტიტუტი თსუ-ს შემოუერთდა. აღნიშნული მუზეუმის გამდიდრებული კოლექცია კი კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა.
მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმის კოლექციების სადემონსტრაციო ნაწილი 30 000 ერთეულს შეადგენს და უძველესი მასალები კავკასიონის იურულისწინა პერიოდს მიეკუთვნება.

Print

« იხ. ყველა სიახლე