ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის სოციალური მუშაობის განვითარების შესახებ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მემორანდუმს ხელს მოაწერეს თსუ რექტორის მოადგილემ
სოსო სალუქვაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა
გიგა ზედანიამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ
ბესო დევდარიანმა. ხოლო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის საუნივერსიტეტო სამაგისტრო კურსის „სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში“ შესახებ მემორანდუმს თსუ რექტორის მოადგილემ, ილიაუნის რექტორმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა
ბორის იაროშევიჩმა მოაწერეს ხელი.
„დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტის მოწმეები ვართ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა ნამდვილად რეფორმაციას მოითხოვს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების არსებობა. მათი მომზადება უმაღლესი სასწავლებლის ამოცანა უნდა გახდეს და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პროექტში ჩვენი ქვეყნის ორი წამყვანი უნივერსიტეტი მონაწილეობს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ გარდა უნივერსიტეტებს შორის კოოპერაციისა, იქნება მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო და უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის . ეს ის სფეროა, რომელიც უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ
სოსო სალუქვაძემ.
„სოციალურ მუშაკთა მომზადების კურსი არის ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი სრულიად ახალი სალექციო კურსი, ახალი მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამინისტროსთვის პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის განხრით. მინდა, რომ წარმატებული კურსი იყოს და მომავალში მივიღოთ ბევრი პროფესიონალი სოციალური მუშაკი,“ - აღნიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ
ბესო დევდარიანმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელის
ნინო შატბერაშვილის თქმით,
„სოციალური მუშაობა ახალი პროფესიაა საქართველოში, რომელიც 2006-2007 წლებში დაინერგა ორივე უნივერსიტეტში. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით, ჩვენ ვერ ვთავაზობდით სტუდენტებს კურსებს თუმცა, ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელსაც გამოცდილი სოციალური მუშაკები წაიკითხავენ და სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ამ ახალი მიმართულებით კიდევ უფრო გაიღრმაონ თავიანთი ცოდნა სპეციალობაში.“
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ამ პროგრამის მხარდამჭერია და ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირმა გამოყო ექსპერტები დასახული მიზნების განსახორციელებლად და ხელი შეუწყო ამ ინსტიტუციების ერთმანეთთან დაკავშირებას,“- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა
ბორის იაროშევიჩმა.
ხელმოწერილი მემორანდუმების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შექმნის პირობებს სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, პრაქტიკის გასავლელად, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში. თავის მხრივ უნივერსიტეტები შეძლებენ ახალი არჩევითი კურსის საშუალებით სოციალური მუშაობის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებს შესთავაზონ საბაზისო ცოდნა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში სოციალური მუშაობის საუკეთესო გამოცდილების შესახებ.
მემორანდუმის ფარგლებშივე იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკების მომზადება უნივერსიტეტების ბაზებზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტები მოამზადებენ სოციალური მუშაკების კვალიფიციურ კადრებს სასჯელაღსრულების სფეროში დასასაქმებლად.