ევროკავშირთან ასოცირების ხელსეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში
,,ევროპული წიგნის გამოფენა" გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა, საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ორთვინ ჰენიგი, საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ელეფთერიოს პროიოსი, საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ვასილ ციბენკო, სხვა ევროპული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის
ვლადიმერ პაპავას განცხადებით,
„ევროპული წიგნის გამოფენა“ ეძღვნება საქართველოსთვის ისტორიულ დღეს - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღეს. ჩვენი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წიგნს, ამიტომაც შეხვდა უნივერსიტეტი წიგნების გამოფენით საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. დღეს ჩვენ გერმანიის ელჩს სიმბოლურად გადავეცით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული მეორე მსოფლიო ომის დროს ნაალაფარი გერმანული წიგნები. მათ კანონიერი მესაკუთრე ჰყავს. ეს წიგნები უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. რამდენიმე კვირის წინ გერმანიაში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს თსუ ბიბლიოთეკაში დაცული ნაალაფარი კოლექციის 2 წიგნი გადასცა და ეს პროცესი გაგრძელდება.“
„წიგნს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემისა და მეგობრული ურთიერთობის დამყარების საქმეში. წიგნების სიმბოლური გადაცემა ნდობისა და მეგობრობის გამოხატულებაა, ხოლო კანონიერი მფლობელისთვის მათი დაბრუნება პოლიტიკური სიგნალის მატარებელიცაა. უნივერსიტეტში დაცული ნაალაფარი წიგნები ჩვენი ევროპული ისტორიის მოწმეა - მე 18-საუკუნეში ლაიფციგსა და ბრემენშია დაბეჭდილი, რომლებიც საბჭოთა ჯარებმა გერმანიიდან გამოიტანეს. ისტორია გვაფრთხილებს - მისგან საჭირო გაკვეთილები მივიღოთ,“- აღნიშნა საქართველოში გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა
ორთვინ ჰენიგმა.
„თსუ ბიბლიოთეკამ საქართველოში აკრედიტებულ ევროპულ დიპლომატიურ კორპუსს კითხვით მიმართა - დაესახელებინათ მათი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლი. აღმოჩნდა, რომ ამ წიგნების უმეტესობა ჩვენს ბიბლიოთეკაში გვაქვს დაცული. ისიც გაირკვა, რომ 27 ევროპული ქვეყნის წიგნებიდან, 26-ის ქართული თარგმანიც მოიპოვება თსუ ბიბლიოთეკაში. ჩვენმა ბიბლიოთეკამ ევროპული წიგნების გამოფენა სწორედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ისტორიულ თარიღს სიმბოლურად დაამთხვია,“- განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა
ზურაბ გაიპარაშვილმა.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია იქნება ევროპის ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ძეგლები ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებთან ერთად. გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნები კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ ქართულ მთარგმნელობით ხელოვნებას და ევროპულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის ტრადიციას.
თსუ რექტორმა გერმანიის ელჩს გადასცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ 21 დასახელების გერმანული წარმოშობის წიგნს. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაალაფარი წიგნები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 1948 წელს შემოვიდა. მათი გაწმენდა-რესტავრაცია გერმანული მხარის მიერ 2008-2009 წლებში განხორციელდა.
თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ „ევროპული წიგნების გამოფენაზე“ უკრაინის ელჩს ვასილ ციბენკოს თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნი - ტარას შევჩენკოს „კობზარი“ გადასცა საჩუქრად.
„ევროპული წიგნის გამოფენა“ თსუ-ში ერთ კვირას გასტანს.