2016-05-28
უნივერსიტეტი კანონიერ ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უნდა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. ეს პოზიცია უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების წარმომადგენლებმა რამდენიმესაათიანი შეხვედრისას დააფიქსირეს, რომელიც უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტების მოსაზრებების გაცნობის მიზნით რექტორატი, აკადემიური საბჭო, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაცია სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „
აუცილებელია პროცესების მონაწილე ყველა სუბიექტთან შეხვედრა, რათა მივიღოთ რეალური სურათი და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა,“-განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა
დარეჯან თვალთვაძემ.
„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლების განცხადებით, სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნდა დატოვოს სტუდენტური თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ყველა ოთახი. ასევე აღნიშნეს, რომ ყველა სტუდენტურ გაერთიანებას უნდა მიეცეს თანაბარი პირობები და წვდომა აუდიტორიებზე და სთხოვეს ადმინისტრაციას განიხილონ მათი წინადადება.
სტუდენტური თვითმმართველობა, თავის მხრივ, მოითხოვს მათთვის ნორმალური სასწავლო და სამუშაო პირობების უზრუნველყოფას, ასევე „აუდიტორია 115“-ის მიერ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში უკანონოდ დაკავებული აუდიტორიების გათავისუფლებას და თვითმმართველობის ოფისებში დაბრუნებას.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის დაძაბულობის განმუხტვისა და ვითარების ნორმალიზებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ყველა იმ კანონდარღვევის შეფასება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების მანძილზე. უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების წარმომადგენლებმა დაგმეს როგორც სენატის სხდომის ჩაშლის ფაქტი, რომელზეც კანცლერის არჩევნები უნდა გამართულიყო, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის წევრების შეჭრა რექტორატში, უნივერსიტეტის რექტორზე, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავაზე სტუდენტების მხრიდან ზეწოლის ფაქტი გადადგომის მოთხოვნით, 24 მაისს სტუდენტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება, სტუდენტური თვითმმართველობის ოთახებში შეჭრა, საჯარო სივრცეში ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები და სხვა ძალადობრივი ქმედებები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, შევიდეს ცვლილებები უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებში, მათ შორის ეთიკის კოდექსში, სადაც გამკაცრდება რეაგირება სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში ჩაატარებს დაკავებული 213-ე და 303-ე აუდიტორიების ინვენტარიზაციას იქ არსებული მატერიალური ქონების აღწერის მიზნით.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესის დაჩქარებას, რომლითაც უნდა განისაზღვროს სტუდენტურის თვითმმართველობის სტატუსი, თუ რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას სტუდენტები უნივერსიტეტის მართვაში. ეს საკითხი განსაკუთრებულად აქტუალურია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული დაძაბულობის ფონზე, რადგან არსებული კანონმდებლობით სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციები და მოვალეობები მკაფიოდ გაწერილია და მომავალ ცვლილებამდე სტუდენტებს ამ კანონის ჩარჩოებში მუშაობის საშუალება უნდა შეეძლოთ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დროული საკანონმდებლო ცვლილება პრობლემის დროულად გადაჭრას შეუწყობს ხელს.
« იხ. ყველა სიახლე