2019-03-26

ოთარ ბაქანიძე - 90

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მრავალწლიანი წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პროფესორი ოთარ ბაქანიძე უნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. „დიდი ხანია  ოთარ ბაქანიძე მოღვაწეობს უკრაინისტიკის მიმართულებით. მან შექმნა კათედრა, რომელიც მუშაობდა მხატვრულ თარგმანსა და  ლიტერატურაზე. შექმნა მთელი ეპოქა  ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში. დღეს, როცა ვამბობთ, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ეს დიდწილად განპირობებულია მისი მოღვაწეობით, სამეცნიერო შრომებით, პუბლიკაციებით; ეს არის ის საფუძველი, რაზეც ეწყობა ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან უკრაინაში.  იგი არის კარგი მკვლევარი, კარგი მეცნიერი და დღემდე აქტიურადაა ჩართული ამ საქმიანობაში,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
ოთარ ბაქანიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ-კულტურული დიალოგი“, რომელსაც სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 
„ნებისმიერი მეცნიერისთვის ყველაზე დიდი სიქველე არის სამეცნიერო სკოლის შექმნა. ოთარ ბაქანიძემ  შექმნა უკრაინისტიკის არაჩვეულებრივი სამეცნიერო სკოლა და თავისი მოღვაწეობით დიდად შეუწყო ხელი  უკრაინაში ქართველოლოგიიის სკოლის შექმნას,“- განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა. 
ცნობილ მეცნიერს იუბილე მიულოცა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა: „მიხარია, რომ  საშუალება მაქვს მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება გამოჩენილ უკრაინოლოგს, რომლის გარეშეც ძნელია წარმოიდგინო  ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები. ოთარ ბაქანიძის ნაშრომები მოიცავს თითქმის მთელ ლიტერატურულ პროცესს - დაწყებული სკოვოროდადან, დამთავრებული ვოლოდიმირ სოსიურა თუ ანდრიი მალიშკოთი. მინდა ვისურვო, რომ ქართულ-უკრაინული კავშირები ლიტერატურისა და კულტურის სფეროში  მომავალშიც განვითარდეს ასეთი  ცნობილი სახელებით.“ კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ოთარ ბაქანიძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის „დიდი მამასახლისის „პატარა უკრაინა“ ჩვენება (ავტორი: გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის რედაქტორი ნინო კაკულია). 
„ვერასოდეს დავივიწყებ და არ დავივიწყებ საუნივერსიტეტო ცხოვრებას, იმ ადამიანებს, რომლებიც ან ჩემს თვალწინ გაიზარდნენ ან რომლებთან ერთადაც ვმოღვაწეობდი. ძალიან ამაღელვა დღევანდელმა შეხვედრამ. ამაყი ვარ, რომ ასეთ ხალხთან მიხდებოდა მუშაობა,“-აღნიშნა ოთარ ბაქანიძემ ღონისძიების შემდეგ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტი, უკრაინისტიკის სასწავლო-კვლევითი ცენტრი.



Print

« იხ. ყველა სიახლე