ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტი - Policy Support Facility გულისხმობს მაღალი რანგის, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის გაძლიერების მიზნით. ექსპერტთა ვიზიტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ევროკომისიისადმი მიმართვის საფუძველზე. ექსპერტთა ორი ვიზიტის ფარგლებში (2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში) გაიმართა თემატური შეხვედრები საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის/ინდუსტრიის და აკადემიური სექტორის წარმომადგენლობასთან შემდეგი საკითხების შესახებ: მეცნიერების სფეროში ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება; მეცნიერებასა და ინდუსტრიას/ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; შესრულების ინდიკატორებზე დაყრდნობით მეცნიერების სისტემის დაფინანსების სქემის შემუშავება.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე
ალექსანდრე ცისკარიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე თევზაძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი,
მანანა მიქაბერიძე ესწრებოდნენ.
პოლიტიკის მხარდამჭერი სპეციალური ინსტრუმენტის მესამე, შემაჯამებელი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელმძღვანელი
ქრისტინა რუსო, რომელმაც აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კვლევისა და ინოვაციის სფეროს განვითარებისა და პოლიტიკის სპეციალური მხარდამჭერი ინსტრუმენტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
PSF-ის ექსპერტთა პანელმა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგინა წინა ორი ვიზიტისა და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები. პანელის შემადგენლობა:
მაიკლ შლიხტი (პანელის თანათავმჯდომარე) გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო პოლიტიკის და უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი;
კრისტოფ გულდა (პანელის თანათავმჯდომარე), დამოუკიდებელი ექსპერტი, პოლონეთის კვლევისა და განვითარების ცენტრის საბჭოს წევრი, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მრჩეველი;
მანფრედ სპისბერგერი - უფროსი მკვლევარი სოციალური ინოვაციების ცენტრში, (ZSI) ავსტრიაში, პოლიტიკური მეცნიერი კვლევისა და განვითარების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპაში;
მარია ნედევა - მანჩესტერის უნივერსიტეტის, მანჩესტერის ბიზნესის სკოლის ალიანსის (Alliance Manchester Business School) პროფესორი მეცნიერებისა და ინოვაციების პოლიტიკის დარგში;
ანა კადერაბკოვა - ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) ინოვაციური კვლევების ცენტრის (Center for Innovation Studies) დირექტორი.