ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-28

ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი" გაიხსნა. ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებიან.

თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი მიესალმა სიმპოზიუმის მონაწილეებს და თსუ ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის იტალიურ, თურქულ და სხვა წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებთან პროდუქტიულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა კათედრის პროფესორებისა და სტუდენტების წარმატებულ საქმიანობაზე 2016 წელს და, განსაკუთრებით აღნიშნა თსუ სტუდენტების საინტერესო პრეზენტაციები სიმპოზიუმზე.

კათედრის მთელი წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში წარმოადგინა თსუ ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბეჟან ჭანკვეტაძემ. მისი თქმით, კათედრა ლიდერია პროფესორ-მასწავლებელთა მიერ იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიებისა და ციტირების ინდექსის მიხედვით არა მხოლოდ საუნივერსიტეტო, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ სიმპოზიუმის მიზანია ჩვენი კათედრისა და ინსტიტუტების სამეცნიერო შედეგების შეჯამება. ყველა მომხსენებელი წარმოადგენს მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში მიღებულ შედეგებს. გარდა პროფესორებისა მოხსენებებს წარმოადგენენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდნეტები,“- განაცხადა ბეჟან ჭანკვეტაძემ.

„ჩემი მუშაობის სფეროა ანალიტიკური ქიმია. ეს შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. ვიგებთ ბევრ რამეს თსუ-ს შესახებ და, ამავე დროს, გარკვეული ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ დამსწრეებს ჩვენი კვლევის სფეროს შესახებ. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია ღირებული იქნება თქვენი სტუდენტებისთვის. დიდი მადლობა თქვენს უნივერსიტეტს მოწვევისა და ასეთი შესაძლებლობის გაზიარებისთვის,“
- აღნიშნა ანკარის (თურქეთი) უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ფარმაკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა სიბელ ოზგანმა.

სიმპოზიუმის ფარგლებში გაიხსნება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ახალი ლაბორატორია, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევების წარმოებას, სწავლისა და სწავლების პროცესს. სიმპოზიუმი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის ორგანიზებით იმართება და ორი დღეს გაგრძელდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე