2015-04-03

„საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი „საქართველოს ნატოში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ, რუმინეთის ელჩმა საქართველოში დიმიტრუ ბადეამ, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა, პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სექტორის, მედიის, და ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა.
„ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, მისი უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფის პოტენციური გარანტორი. ამიტომ, ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ არის იგივე, რაც ჩვენი სწრაფვა სახელმწიფო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისაკენ. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული დაპირისპირებული ძალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ იტყვის უარს თავის დამოუკიდებლობაზე. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტში ყოვლთვის ჩატარდება მსგავსი ტიპის შეხვედრები, სემინარები, სადაც მეცნიერები, ექსპერტები და პოლიტიკოსები იმსჯელებენ არსებულ პრობლემებზე და იმ გზებზე, როგორ შეიძლება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება; ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნების და განმტკიცების იქნება ნატოში ინტეგრაცია,“-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 66 წელი შესრულდა და ეს სემინარი ეძღვნება ნატოს დღეებს საქართველოში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სრულიად ახალი გამოწვევები გამოიკვეთა ამ ალიანსის წინაშე და ნატომ აჩვენა, რომ ის ადაპტირებადია ახალი გამოწვევებისადმი. ძალიან მნიშვნელოვანია ნატოსთან თანამშრომლობა საქართველოსთვის.  ჩვენ უკვე 2002 წლიდან ვართ გაწევრიანების გზაზე და ხელთ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი ინტეგრაციისთვის. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ის ფუძემდებლური პრინციპი, რაც უკავშირდება ღია კარის პოლიტიკას, ამ პრინციპისადმი ერთგულების თვალსაზრისით საქართველო აღმოჩნდეს მზად იმ პერიოდისათვის, როდესაც ალიანსი მიიღებს საქართველოს, როგორც მის წევრს,“- აღნიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
სემინარზე განიხილეს თემები: 1.საქართველოს ნატოში ინტეგრაცია: სად ვიმყოფებით ჩვენ? 2. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმდინარე გამოწვევები; 3. რუსეთთან ურთიერთობები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ფონზე.
ღონისძიება მიეძღვნა ნატოს დღეებს საქართველოში. სემინარი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო რუმინეთის საელჩო საქართველოში. 

Print

« იხ. ყველა სიახლე