2016-03-17

თსუ-ში აკადემიური საბჭოს სხდომა დასრულდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებთან შემდგარ დიალოგს პოზიტიურად აფასებენ. აკადემიური საბჭოს წევრის რამაზ ქურდაძის განცხადებით, „აკადემიური საბჭო გააგრძელებს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მუშაობას, რადგან მხოლოდ ამ ფორმატით შეიძლება უნივერსიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარება. ჩვენ შევიმუშავეთ მიმართვა სტუდენტებისა და პროფესორებისადმი. არ შეიძლება უნივერსიტეტის პროფესორი, ვისი მომხრეც არ უნდა იყოს, საუბრობდეს სიძულვილის ენით. საჭიროა მშვიდ გარემოში ურთიერთობა. მსჯელობა გაგრძელდება. დაიგეგმა მომავალი შეხვედრებიც.“

აკადემიური საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადება გაკეთა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. მისი თქმით, „აკადემიური საბჭოს წევრებისა და ორივე მხარის სტუდენტების შეხვედრებზე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც დაგროვდა უნივერსიტეტში, მათ შორის რექტორთან მიმართებაშიც. აკადემიურმა საბჭომ გამოთქვა სრული მზადყოფნა ინტენსიურად ჩაერთოს პროცესებში. „აუდიტორია 115-მა“ შეწყვიტა საპროტესტო აქცია, გარკვეული კომუნიკაცია ჩამოყალიბდა სტუდენტურ თვითმმართველობასთან. პრინციპული თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიღებულია. მე, როგორც უნივერსიტეტის რექტორს, გარკვეული ვალდებულებები მაქვს აღებული, რომლის შესრულებაც უნდა გავაგრძელო, რათა უნივერსიტეტში მდგომარეობა გაუმჯობესდეს.“

აკადემიური საბჭოს წევრმა პროფესორმა მარიამ გერსამიამ აკადემიური საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. „ჩემთვის, როგორც აკადემიური საბჭოს წევრისთვის მიუღებელია დაპირისპირებული სტუდენტები და დაპირისპირებული სტუდენტობა უნივერსიტეტში. მე ვერ ვიქნები მხარე, მე ვიქნები ყველა სტუდენტის გვერდით და ერთადერთი ასეთი ადგილი დღეს არის აუდიტორია, სადაც მე ვკითხულობ ლექციას,“- განაცხადა მარიამ გერსამიამ.

ხვალიდან, 17 მარტიდან, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი აღდგება. კორპუსი დატოვეს პოლიციის წარმომადგენლებმა. უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური კი განაგრძობს მუშაობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე