2014-07-09
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას შორის
![](/data/image_db_innova/PR/klinika.jpg)
თსუ რექტორ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ თსუ -ს საუნივერსიტეტო კლინიკა ექნება. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ სამედიცინო საზოგადოების ჩართულობა საუნივერსიტეტო საქმიანობაში, ხოლო ჩვენი სტუდენტები გაივლიან მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პრაქტიკას.“
„თსუ მედიცინის ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო კლინიკის არსებობა. თსუ-სა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო სტანდარტების კლინიკა ჩამოყალიბდება. უკვე ჩამოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ერთი წლის განმავლობაში გერმანიიდან და ამერიკიდან ჩამოვა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურა და სამედიცინო საგნები,“- აღნიშნა საქართველოს ექიმთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თსუ პროფესორმა გია ლობჟანიძემ.
მემორანდუმის თანახმად, თსუ-სა და სეა-ს თანამშრომლობითა და ერთობლივი ღონისძიებებით ჩამოყალიბდება საუნივერსიტეტო მრავალპროფილიანი კლინიკა. კლინიკის ბაზაზე განხორციელდება თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის თანამედროვე დონის პროფესიონალთა მომზადებას და ქვეყნის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.
« იხ. ყველა სიახლე