2014-07-09

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამედიცინო საუნივერსიტეტო კლინიკა ექნება. საუნივერსიტეტო კლინიკაში თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან სამედიცინო პრაქტიკას, თსუ პროფესორები განახორციელებენ სასწავლო-კვლევით და სამკურნალო საქმიანობას. საუნივერსიტეტო კლინიკა თსუ-სა და საქართველოს ექიმთა ასოციაციას (სეა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა გია ლობჟანიძემ მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ თსუ -ს საუნივერსიტეტო კლინიკა ექნება. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ სამედიცინო საზოგადოების ჩართულობა საუნივერსიტეტო საქმიანობაში, ხოლო ჩვენი სტუდენტები გაივლიან მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პრაქტიკას.“
„თსუ მედიცინის ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო კლინიკის არსებობა. თსუ-სა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო სტანდარტების კლინიკა ჩამოყალიბდება. უკვე ჩამოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ერთი წლის განმავლობაში გერმანიიდან და ამერიკიდან ჩამოვა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურა და სამედიცინო საგნები,“- აღნიშნა საქართველოს ექიმთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თსუ პროფესორმა გია ლობჟანიძემ.
მემორანდუმის თანახმად, თსუ-სა და სეა-ს  თანამშრომლობითა და ერთობლივი ღონისძიებებით ჩამოყალიბდება საუნივერსიტეტო მრავალპროფილიანი კლინიკა. კლინიკის ბაზაზე განხორციელდება თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის თანამედროვე დონის პროფესიონალთა მომზადებას და ქვეყნის მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე