2011-03-17

თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი  თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ბერუაშვილმა მოაწერეს.

  „მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია სამართლებრივი (შედარებითი) კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ“, – აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

მხარეები ერთობლივი ძალისხმევით იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩამოაყალიბებენ იურიდიულ კლინიკას, განახორციელებენ მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს.

„აღნიშნული კლინიკა სისხლის სამართლის პროცესის პრაქტიკულ სწავლებას ემსახურება. სტუდენტები შეძლებენ გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ–ჩვევები და მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ“, – განაცხადა იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ბერუაშვილმა.


Print

« იხ. ყველა სიახლე