ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-18

ანთროპოლოგიური გამოფენა - „კეკელა - აღდგენილი წარსული“

18 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანთროპოლოგიური გამოფენა „კეკელა - აღდგენილი წარსული“ გაიხსნა. გამოფენა ასახავს 2011 წლის ივნისში დედათა მონასტრის ეზოში აღმოჩენილ XIX საუკუნის აკლდამას და მასში დაკრძალული ნეშტის კომპლექსური კვლევის საფუძველზე ერთი ქალბატონის აღდგენილ წარსულს ასახავს.
გამოფენის გახსნას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი გაგოშიძე დაესწრნენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით დედათა მონასტრის ეზოში ჩატარებულ არქეოლოგიური გათხრებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგებიც ჩაერთნენ, აღმოჩენილი მასალის საფუძველზე, თსუ-ის პროფესორებმა  არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, პალინოლოგიური და ჰერალდიკური მონაცემების გათვალისწინებით, აკლდამაში აღმოჩენილი ქალბატონის ვინაობა დაადგინეს და მისი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები აღადგინეს.
„ჩატარებული კომპლექსური კვლევა უნიკალურია, რომლის შედეგადაც დადგინდა ადამიანის ვინაობა, შესაძლებელი გახდა მისი ცხოვრების გარკვეული პერიოდების აღდგენა. მსგავსი კომპლექსური კვლევა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ეს ყველაფერი დღეს არსებული თანამედროვე მეთოდებისა და ლაბორატორიების დამსახურებაა, რომელშიც  თსუ პროფესორები არიან ჩართულები“-განაცხადა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
„სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი აკლდამის და ადამიანის ნეშტის შესწავლის მეთოდმა გვაჩვენა, რომ ზუსტი კვლევისთვის აუცილებელია მონათესავე დისციპლინების ერთობლივი მუშაობა. სწორედ ასეთი კომპლექსური მუშაობიტ მიიღწევა შედეგი“- აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გაგოშიძემ.
თსუ-ს წარმომადგენლის, ანთროპოლოგ ლია ბითაძის განმარტებით, შესრულებული სამუშაოს შედეგად ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი დადგინდა. მისი თქმით: „კვლევა კომპლექსური და ძალიან საინტერესო იყო. გათხრები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩონჩხი დეტალურად შევისწავლეთ განყოფილებაში და შემდეგ ეკლესიის თხოვნით, ისევ სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე დაიკრძალა. ეს კვლევა აჩვენებს ყველა არქეოლოგს, ყველა მკვლევარს, რომ მეცნიერების დარგები არ უნდა იყოს ცალ-ცალკე, ყველა უნდა გაერთიანდეს, რომ მივიღოთ შესაბამისი შედეგი.“
მკვლევართა აზრით, ქალბატონი თავად-აზნაურთა წრიდან უნდა ყოფილიყო. ქალბატონზე აღმოჩენილ საქორწინო ბეჭედზე დატანებული რუსული ინიციალებით „ФТ 9 Ноября 1828“  ქალბატონის ვინაობის გარკვევას შეუდგნენ. 1850 წელს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-სთვის შედგენილ ქართველ თავადაზნაურთა საოჯახო სიაში მოხსენიებულია თაზიშვილი ფადეი დიმიტრის ძე  (Тазиевы Фадей) თავის ოჯახთან ერთად - მეუღლე - კეკელა, შვილები: თეიმურაზი, რაჟდენი და ევგენია. XIX საუკუნის ქართველ თავად-აზნაურთა შორის, თაზიშვილი ფადეი ის ერთადერთი პირია, რომელიც ბეჭდის ინიციალებს ემთხვევა. მკვლევართა აზრით, სწორედ ფადეის მეუღლის - კეკელას ნეშტი აღმოჩნდა დედათა მონასტერის ეზოში. ქალბატონი დაკრძალული იყო აბრეშუმის ზედატანით და ხელთათმანებით, სელის ქვედატანით და შალის წინდებით;
მკვლევარებმა გარდაცვლილის ასაკიც დაადგინეს - კეკელა თაზიშვილი 35-40 წლის იყო, მუცლის დაავადება აწუხებდა და გარდაცვალების წინა დღეებში ის ვაზის ტალარით დახურულ ეზოში ტრიალებდა. ცხოვრების ეპიზოდების აღდგენა ფიზიოლოგიური სტრესის  მარკერებით მოხდა, რომელთა საფუძველზე ჯანმრთელობის შეფასება და ცხოვრების დონის რეკონსტრუქცია გახდა შესაძლებელი.
Print

« იხ. ყველა სიახლე