ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „ქართველოლოგის“ პრეზენტაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული მეცნიერები, რუსთაველის ეროვნულის სამეცნიერო ფონდის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება ქართველოლოგიის მიმართულების ხელშემწყობი და განმავითარებელი.
„ქართველოლოგიურ კვლევა-ძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა აღინშნოს, რომ ეს კვლევები უკვე გასულია საერთაშორისო დონეზე, ჩვენ გამოვცემთ საერთაშორისო ჟურნალს და ტარდება საზაფხულო საერთაშორისო სკოლაც. უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება ამ მიმართულების ხელშემწყობი და განმავითარებელი. დარწმუნებული ვარ, დაინტერესება იქნება როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან და ხელს შეუწყობენ ქართველოლოგიის საერთაშორისო დონეზე გატანას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.
თსუ პროფესორის, აკადამიკოს
ელგუჯა ხინთიბიძის თქმით, ჟურნალს მკითხველები და ავტორები უკვე მთელი მსოფლიოდან ჰყავს.
„ძალიან წარმატებული გამოდგა ეს გამოცემა, მან შეკრა უკანასკნელ წლებში საზღვარგარეთული ქართველოლოგია და ჩვენი მიზანია ამ ჟურნალმა ასეთივე ინტენსივობით გააგრძელოს მუშაობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა,“ რომელიც 1995 წლიდან უწყვეტად ტარდება“, - აღნიშნა ელგუჯა ხინთიბიძემ.
„საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მივიღე 1998 წელს და მას შემდეგ ვთანამშრომლობ ამ ცენტრთან. პროექტი უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება, რაც თავისთავად მეტყველებს მის მნიშვნელოვანებაზე. ასევე ვთანამშრომლობ ჟურნალ „ქართველოლოგის“ რედაქციასთან და ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტია. აქ იბეჭდება ძალიან მაღალი დონის სტატიები, რითაც უდიდესი წვლილი შეაქვს ქართველოლოგიის განვითარებაში,“- განაცხადა ქართველოლოგმა, იაპონიის საელჩოს ატაშემ
იასუჰირო კოჯიმამ.
ჟურნალის მუშაობაში ჩართულნი არიან მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებმაც საქართველოს კულტურა, ისტორია თუ ლიტერატურა გაიცნეს სწორედ „ქართველოლოგის“ მეშვეობით და აგრძელებენ თავიანთ მუშაობას ქართველოლოგიური მიმართულებით. ამგვარი მუშაობის შედეგად იქმნება ქართველოლოგიის სექციები მნიშვნელოვან საერთაშორისო კონგრესებზე ამერიკასა თუ ევროპაში.
ორენოვანი სამეცნიერო, რეცენზირებადი ჟურნალი „ქართველოლოგი“ 1993 წელს დააარსა აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჟურნალს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებდა. სწორედ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ჟურნალის ელექტრონული ვერსია. ჟურნალ „ქართველოლოგის“ სხვადასხვა ნომერი ხელმისაწვდომია ამერიკისა თუ ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებში.
ჟურნალის პარალელურად შეიქმნა „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა“. საზაფხულო სკოლის სტუდენტები ამ ოცი წლის მანძილზე იყვნენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველოლოგები და საქართველოს მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში ან საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში აგრძელებენ წარმატებულ მუშაობას.
ღონისძიების თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართველოლოგიური კვლევის ცენტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.