2019-05-14
კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აკადემიკოსის, კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.
ექსპოზიციაზე ქართველმა დამთვალიერებელმა პირველად იხილა კიევის სასულიერო აკადემიის მუზეუმში და სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტური მასალა,რომელიც კიევში კორნელი კეკელიძის სწავლასა და მოღვაწეობას ეხება. ექსპოზიციაზე ასევე გამოიფინა თეოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერებისა და სასულიერო პირების შეფასებები კორნელი კეკელიძის სამეცნერო ნაშრომების შესახებ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი სადისერტაციო ნაშრომი: „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნთსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“. ამ ნაშრომში კორნელი კეკელიძეს 1908 წელს მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კორნელი კეკელიძეს კიევში დარჩენა შესთავაზეს, თუმცა მან საქართველოში ჩამოსვლა არჩია და ივანე ჯავახიშვილთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის დაფუძნებაში.
„კორნელი კეკელიძემ მთლიანად მიუძღვნა თავი ქართულ მეცნიერებას და მის პოპულარიზაციას, წყაროთმცოდნეობას, მუშაობას იმ ძეგლებზე, რომელიც შემოგვრჩა და მათი მსოფლიოსთვის ჩვენებას. ეს იყო უნიკალური შრომა , რომელიც გრძელდებოდა წლების განმავლობაში და ბევრი მისი მოსწავლე აგრძელებს დღესაც მოღვაწეობას“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
აკადემიკოსის, მზექალა შანიძის თქმით, ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე ახალგაზრდობიდანვე დაინტერესებული იყვნენ საქართველოს ლიტერატურითა და ისტორიით.
„კორნელი კეკლიძის ადრეული ნაშრომები მე-20 საუკუნის დასაწყისში არის დაწერილი. კორნელიმ რეალურად საფუძველი ჩაუყარა ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული ლიტერატურის სისტემურ შესწავლას, გამოავლინა სხვადასხვა დარგები, რომლებიც ქართულ მწერლობაში არსებობს და თვალნათლივ აჩვენა მათი მნიშვნელობა არა მარტო ქართული, არამედ საზოგადოდ ყველა დარგის ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის,“ -განაცხადა მზექალა შანიძემ.
კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
« იხ. ყველა სიახლე