ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-10-27

„წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“

ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად 70-მდე მონაწილემ შემოურბინა ლისის ტბას. აქცია „წრე ლისზე - ოკუპაციური თერაპიის მხარდასაჭერად“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოკუპაციური თერაპიის მიმართულების და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.   

გარბენი, რომლის მიზანი ქვეყანაში ოკუპაციური თერაპიის პროფესიის მიმართ ცნობადობის ამაღლება და დარგის პოპულარიზაცია იყო, ოკუპაციური თერაპიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოეწყო. ოკუპაციური თერაპევტები ადამიანისთვის მნიშვნელოვან საქმიანობებს თერაპიულ საშუალებად იყენებენ. ოკუპაციური თერაპია პიროვნებაზე ცენტრირებული პროფესიაა, რომელიც ხელს უწყობს განსხვავებული შესაძლებლობის მქონე პირებს ანდა მოწყვლად ჯგუფებს, ჩაებან მათთვის მნიშვნელოვან საქმიანობებში და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება.

„გადავწყვიტეთ ეს დღე აღგვენიშნა გარბენით, რომელშიც ნებისმიერი მსურველი მიიღებდა მონაწილეობას,  ვისთვისაც სირბილი რამეს ნიშნავს. ზოგი დარბოდა იმიტომ, რომ მათი ცხოვრების სტილია, ზოგი დარბოდა იმიტომ, რომ გამოწვევაა, ზოგი გასართობად დარბოდა. აქციის მიზანია, რომ მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს - რა არის ოკუპაციური თერაპია, გაიცნოს ახალი საინტერესო პროფესია,“- განაცხადა თსუ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორმა ნინო რუხაძემ.

„დიდი ხანია სისტემატურად დავრბივარ. ჩემთვის ეს სირბილი არის გამოწვევა, რადგან ის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას უწყობს ხელს.  მინდა ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, რომ ირბინონ და ჯანსაღი ცხოვრება გაითავისონ,“- აღნიშნა გარბენის მონაწილემ ლუკა ჯავახიშვილმა.

საქართველოში დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტები მხოლოდ თსუ-ს კურსდამთავრებულნი არიან. ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა თსუ-ში 2006 წლიდან მოქმედებს. დღეს მთელ საქართველოში სულ 31 დიპლომირებული ოკუპაციური თერაპევტია. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, აქციის მიზანია გაიზარდოს ოკუპაციურ თერაპევტთა რაოდენობა, რაც ქვეყნის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია.

ოკუპაციური თერაპევტები ეხმარებიან ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახორციელებენ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საქმიანობას. სიტყვა “occupation” ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „საქმიანობა“. ლისის ტბის გარშემო გამართულ გარბენში სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღეს მონაწილეობა, რითაც ერთობის დემონსტრირება მოხდა. აქციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.

 

Print

« იხ. ყველა სიახლე