2011-01-29
17–26 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია პარტნიორ უნივერსიტეტებს და ორგანიზაციებს ევროპაში (გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, უნგრეთი). ვიზიტის მიზანი საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავება და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა იყო.
„ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა, გავმართეთ შეხვედრები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან, დაიგეგმა მრავალი საინტერესო ერთობლივი პროექტი. ახლა ჩვენი მიზანია ენის სწავლების გაძლიერებაა, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ საშუალება გამოიყენონ ყველა ეს საერთაშორისო კონტაქტი და აქტიურად ჩაერთონ შემუშავებულ პროექტებში“, – აღნიშნა ვიზიტის შეფასებისას ალექსანდრე კვიტაშვილმა.
გერმანიაში ვიზიტისას დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. შედგა შეხვედრა კომპანია HEISS GmbH-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც აკადემიური პროცესების მართვის ელექტრონული სისტემის N.O.A.H.–ს თსუ–ს საჭიროებებისათვის ადაპტაციის პროექტზე მუშაობენ.
დელეგაციის წევრებმა გერმანიიდან უნგრეთში გადაინაცვლეს და ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს; 21 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა ლივიუ მატეიმ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივი კვლევითი პროექტების და სამეცნიერო მუშაობის განხორციელებას, სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლას. დაარსების დღიდან (1991 წ.) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, უმაღლეს სასწავლებელს ყოველწლიურად გაცვლითი პროგრამებით 40–მდე ქართველი სტუდენტი სტუმრობს. კურუკულუმების რესურს ცენტრში ქართველ პროფესორებს შესაძლებლობა აქვთ დახვეწონ და შეიმუშაონ თავიანთი სამუშაო კურუკულუმები, გარდა ამისა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ სპეციალურ პროგრამათა ოფისის მიერ დაგეგმილ ტრენინგებსა და ვორქშოფებში.
ვიზიტის ფარგლებში თსუ-ს დელეგაცია ნიდერლანდების სამეფოსაც სტუმრობდა; ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ლეიდენის უნივერსიტეტში სასწავლებლების წარმომადგენლებმა განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები.
„ლეიდენი გახლავთ დიდი ტრადიციების მქონე, 435 წლის უნივერსიტეტი, შეხვედრისას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ისინი დაინტერესებული არიან გაცვლითი პროგრამებით ქართველოლოგიასა და არქეოლოგიაში, ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა. იგეგმება დელეგაციის ჩამოსვლა და მაისის ბოლოს უკვე კონკრეტული სამომავლო გეგმების შემუშავებას დავიწყებთ“, – განაცხადა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრები მაასტრიხტის უნივერსიტეტშიც იმყოფებოდნენ. 2009 წელს ორ უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების განხორციელებისა და ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედებისათვის სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაასტრიხტის უნივერსიტეტის დელეგაციას აპრილის ბოლოს უმასპინძლებს.
« იხ. ყველა სიახლე