ქართველ მასწავლებლებს და მოსწავლეებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები
გაცნეს იულიხის კვლევითი ცენტრის სასკოლო ლაბორატორიის JULAB-ის წამყვანმა მასწავლებლებმა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 დღის განმავლობაში გერმანელი სპეციალისტებმა ჩაატარეს ვორქშოფი ელექტრობაზე, რომლის მიზანი მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაუღვივება იყო.
„ძალიან საინტერესო ვორქშოფები ტარდება მასწავლებლებისთვის და მე-4-6 კლასების მოსწავლეებისთვის. ჩვენს კოლეგებს იულიხიდან საინტერესო ექსპერიმენტები და ამოცანები აქვთ ჩამოტანილი. სწორედ ასეთი მეთოდებით უნდა მოხდეს მეცნიერების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ვიმედოვნებ, რომ ამ ვორქშოფის მონაწილე მოსწავლეებიდან ბევრი გახდება წარმატებული მეცნიერი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
14-18 ოქტომბერს თსუ-ში საქართველოს მასშტაბით 40 მასწავლებელი და თბილისის სკოლების 60 მოსწავლე სხვადასხვა სახის ექსპერიმენტს ატარებდნენ იულაბის ექსპერიმენტული ყუთის გამოყენებით თემაზე -„ელექტრობა“. ,,აქამდე არ ვიცოდი თუ როგორ ინთებოდა შუქი, როგორ მიეწოდებოდა ნათურას ელექტროენერგია. აქ გავიგე როგორ მიეწოდება, რაში გამოიყენება ეს. ძალიან გახარებული ვარ, ძალიან მომეწონა აქაურობა, მადლობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს’’- აღნიშნა საერო სკოლის „შავნაბადას“ მოსწავლემ დავით ჭიჭიკოშვილმა.
იულიხის კვლევით ცენტრსა და თსუ-ს თანამშრომლობა 1992 წლიდან დაიწყო. 2004 წლიდან ურთიერთობა გაგრძელდა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) კონცეფციის ფარგლებში, რომლის სამი ძირითადი მიმართულებაა - ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები, განათლება და სტუდენტები, ცოდნის ტრანსფერი. 2018 წლის ივნისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იულიხის კვლევითი ცენტრის დირექციას შორის ხელი მოეწერა ინტერესთა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივვადიან თანამშრომლობას. ერთ-ერთი ახალი მიმართულება, რომელიც გაჩნდა ამ დოკუმენტში ეხებოდა იულიხის ცენტრთან არსებულ სასკოლო ლაბორატორიასთან იულაბის (JuLab) თანამშრომლობას, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების მზარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში თსუ-ს მაგისტრი მედეა აბრამიშვილი უკვე იმყოფებოდა JuLab-ში, სადაც მოსამზადებელი კურსი გაიარა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა უნიკალური შესაძლებლობა იულიხის კვლევით ცენტრთან არსებულ საბავშვო ლაბორატორიაში მიმეღო შვიდკვირიანი გამოცდილება და ამ პრაქტიკებზე დაფუძნებით, დღეს თბილისში უკვე ქართველ მოსწავლეებს ვუზიარებთ გამოცდილებას, სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებულ სახალისო გაკვეთილებს ვუტარებთ, რათა მათ გაუღვივდეთ ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი,“- განაცხადა მედეა აბრამიშვილმა.
თსუ-ში გამართული ვორქშოფი მოიცავდა როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს. ქართველ მასწავლებლებს და მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გერმანიაში გაემგზავრონ და საჩვენებელ გაკვეთილებს დაესწრონ.