2017-10-13

„ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს გიორგი ახვლედიანისა და აკადემიკოს ვასილ აბაევისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა“ გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევა, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს იმ მკვლევრებს, მეცნიერებს, ვინც მუშაობს ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე. „წელს ბევრი მკვლევარი ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან. გვყავს სტუმრები ყაზახეთიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან. არის ძალიან მაღალი ინტერესი და იმედია, რომ გავეცნობი  ბევრ ახალ საინტერესო კვლევას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნის დღიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კავკასიურ ენებს, განსაკუთრებით ოსურს და აფხაზურს. ეს არის უწყვეტი ტრადიცია და ჩვენ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ“,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორმა, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ აღნიშნა, კონფერენციის მიმართ დაინტერესება თანდათან ფართოვდება და მოიცავს მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც მსჯელობენ იმ საკითხებზე, რომელიც საერთოა ქართველი და უცხოელი მეცნიერებისათვის. „საერთო თემები გვეხმარება, რომ უფრო ღრმად შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ ის საკითხები, რომლებიც დღეისათვის მეტად საინტერესოა მეცნიერებისათვის“,-განაცხადა ნაირა ბეპიევამ.

სამდღიანი კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს წარმომადგენლები იტალიიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ყაზახეთიდან და სხვა. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები. 

„ჩემთვის ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ოსურ და ქართულ ენებს ვსწავლობ, ძალიან მაინტერესებს ოსურ-ქართული ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ოსური და ქართული ენის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო კულტურული კონტაქტები“,-აღნიშნა იტალიელმა პროფესორმა ვიტორიო სპრინგფილდ ტომელერიმ.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. ღონისძიების ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა ,,ქართულ-ოსური ურთიერთობები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში’’. გამოფენაზე სადაც წარმოდგენილი იყო ოსური ენის სახელმძღვანელოები, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები, ქართულ-ოსური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ამსახველი თანამედროვე ლიტერატურა და გამოჩენილი ქართველი მეცნიერების, მათ შორის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, გიორგი ახვლედიანის ნაშრომები ოსური ენის გრამატიკაზე. ასევე თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა - „აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი - ოსური ენის მკვლევარი“.




Print

« იხ. ყველა სიახლე