ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-02

სამეცნიერო კონფერენცია - "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, ქალის უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისების მიზნით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში".

კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის რამდენიმე თაობის პროფესორ-მასწავლებლებმა, დარგის ექსპერტებმა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებმა აუდიტორიის წინაშე წარადგინეს გენდერის ისეთი აქტუალური და საყურადღებო პრაქტიკული თუ იურიდიული ასპექტები, როგორიც არის გენდერული ნიშნით შევიწროვების პრაქტიკა სამუშაო ადგილებში, ბავშვის მოვლის საჭიროების გამო მოთხოვნადი შვებულებების მიმართ არსებული პრაქტიკული წინაღობები, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში, გენდერი საერთაშორისო სისხლის სამართლის ჭრილში, ოჯახური ძალადობა და მის პრევენციასთან დაკავშირებული პრობლემები, კვოტირება პოლიტიკურ სივრცეში, ქალთა გენიტალიების მუტილაცია და სხვა, სფეროს ირგვლივ არსებული საზოგადოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ, კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, რომელმაც კონფერენციის მიზნისა და აქტუალობის შესახებ ისაუბრა. თემატური პანელების ფარგლებში, ასევე, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და პანელებს მოდერირება გაუწიეს, საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის პროფესორმა მარი მესხმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაკა ფერაძემ, ინოვაციებისა და რეფორმის ცენტრის წარმომადგენელმა ქეთევან გომელაურმა, ასევე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და სახალხო აპარატის დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასისტენტებმაც.

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა ხუთი საუკეთესო მომხენებელი. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და კომპანიის ორგანიზატორ-პარტნიორებისაგანსიმბოლური სამახსოვრო პრიზები. მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს მაღალი სოციალური მნიშვნელობის თემების აქტუალიზაციას, რაც ახალისებს დებატებს საკითხის ირგვლივ და ზრდის შემდგომ პრობლემების რეგულირების ალბათობას.

Print

« იხ. ყველა სიახლე