ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-15

სვიმონ კლდიაშვილი - 150

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სვიმონ კლდიაშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ფოტო-გამოფენა და გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის" რედაქტორის ნინო კაკულიას მიერ მომზადებული ფილმის  - ,,სვიმონ კლდიაშვილი - პირველი ქართველი დიპლომიანი არქიტექტორი" (თანაავტორები: სალომე ჭანტურიძე და მარიამ გურგენიძე) ჩვენება გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილია სვიმონ კლდიაშვილის მიერ შექმნილი პროექტები, ექსპედიციის დროს შესრულებული  ჩანახაზები, განხორციელებული პროექტების ძველი ფოტოები, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ასევე გამოიფინა ახალი ფოტო-მასალა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „საქართველოში უნივერსიტეტი ასოცირდება სწორედ იმ შენობასთან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. თუმცა ეს შენობა უნივერსიტეტისთვის არ აშენებულა, მას სულ სხვა ისტორია ქონდა. ბევრმა ეს არ იცის და არც ის პიროვნებები იციან ვინც ამას სათავეში ედგა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლდათ  ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებისთვის გახდეს ეს ცნობილი, რათა იცოდნენ ყველა ღირსეული მამულიშვილის სახელი - კონკრეტულად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აშენების ისტორია და მისი შემქნელი პიროვნებაც.  სტუდენტების შემოთავაზების გათვალისწინებით კი 2015 წელი გამოცხადდა სვიმონ კლდიაშვილის წლად, რამდენიმე თვის წინ კი უნივერსიტეტის ეზოში გაიხსნა სვიმონ კლდიაშვილის ბიუსტი.“
„უნივერსიტეტის კედლებში იმართება ცნობილი ქართველი ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. ის იყო პირველი პროფესიონალი ხუროთმოძღვარი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ერთის მხრივ, ძველი და ახალი თბილისის გამიჯვნა და მეორეს მხრივ, ეროვნული და ევროპული ტრადიციების შეკავშირება“- აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
, ,გამოფენა ეძღვნება სვიმონ კლდიაშვილის 150 წლისთავს, სადაც წარმოდგენილია მისი შესრულებული პროექტები,  აგებული სახლების ძველი და ახალი ფოტოები. კვდიაშვილს  65-მდე სახლის პროექტი აქვს შესრულებული, რომელთაგან 25 განხორციელდა. ასევე შეძლებისდაგვარად წარმოდგენილია სამხრეთ საქართველოსა და სვანეთში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მოგზაურობისას შესრულებული მასალა. სააქტო დარბაზში ასევე გაიმართება ნინო კაკულიას მომზადებული ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება, რაც ხელს შეუწყობს სვიმონ კლდიაშვილის სახელის პოპულარიზაციას, როგორც პირველი ქართველი აკადემიური განათლების მქონე არქიტექტორის შესახებ,“- განაცხადა ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ბრძანებით, 2015 წელი ცნობილი ქართველი არქიტექტორის, უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის ხუროთმოძღვრის, სვიმონ კლდიაშვილის წლად გამოცხადდა.  
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სვიმონ კლდიაშვილის საიუბილეო წელს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს (ბიუსტის დადგმა, გამოფენისა და კონფერენციის ორგანიზება,  ფილმის მომზადება, ალბომის გამოცემა და სხვა.)


Print

« იხ. ყველა სიახლე