2016-09-26

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 3500-მდე აბიტურიენტი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, რომელთა 70 პროცენტს სახელმწიფო გრანტი აქვს მოპოვებული. სწავლის  დაწყების ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს  მთავრობის წევრები, სხვა უნივერსიტეტების რექტორები დაესწრნენ.
თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სწავლის დაწყება მიულოცა სტუდენტებს. „ბევრი ახალი რამ გვაქვს მომზადებული სტუდენტებისთვის;  განახლებულია ფსიქოლოგიისა და განათლებისა მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი, მთლიანად  რეაბილიტირებულია მედიცინის ფაკულტეტის შენობა. ბევრი პროექტი განხორციელდა ზაფხულის პერიოდში:  მოწესრიგდა სამეცნიერო კვლევითი ბაზები, გარემონტდა  4 კვლევითი დაწესებულება,  სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა. გაიხსნა ორი ახალი ლაბორატორია: კავკასიაში პირველი  სმარტლაბი და ბლუმბერგის ლაბორატორია. სიახლეები ძალიან ბევრია და ვუსურვებ ყველა სტუდენტს, რომ  უნივერსიტეტში გატარებული წლები ყველაზე დასამახსოვრებელი და სახალისო პერიოდი მათ იყოს ცხოვრებაში,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
ღონისძიებაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები  სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის ახალი სეზონის დაწყება. „შემოდგომის ლეგენდა“ წელს მერვედ ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა შემოქმედებითად დაჯილდოებულ სტუდენტს შეუძლია.
სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ტრადიციულად, სტუდენტთა ერთი ჯგუფის საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. თსუ რექტორმა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს შეხვედრა და დიალოგი შესთავაზა. შეხვედრაზე სტუდენტებმა უნივერსიტეტში გარე რეფერირების შემოღება, სწავლის თანხის გადაუხდელობის მიუხედავად სტუდენტებისთვის საგნების არჩევის საშუალების მიცემა, საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარება და სხვა საკითხები დააყენეს. გიორგი შარვაშიძემ უპასუხა სტუდენტთა კითხვებს და შემდგომი ურთიერთობის დიალოგის რეჟიმში გაგრძელება შესთავაზა. „ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი განვიხილეთ. არის ბევრი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ძალიან სწრაფად შეიძლება.  არის საკითხები, რომელიც წყდება კანონმდებლობით  და ჩვენ მზად ვართ, რომ მოვამზადოთ საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატორი იყოს უნივერსიტეტი. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან ღიად ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი იქნება უნივერსიტეტი. კიდევ ერთხელ ვადასტურებ კონცეფციაში მოცემულ საკითხებს, ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის. 3 თვის განმავლობაში უნდა შევიმუშავოთ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული  მხარე საუნივერსიტეტო პროცესისა. ის რომ დღეს უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზე არ არის  - ეს არის ფაქტი. ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. მე მჯერა, რომ ძალიან ცოტა ხანში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება იმ მიმართულებით, რომ უნივერსიტეტი გახდეს კველევისა და სწავლების სამაგალითო ადგილი არამარტო საქართველოში,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ახალ სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა თსუ სასწავლო კორპუსებსა და კვლევით ინსტიტუტებში, მათ შორის N3 სასწავლო კორპუსში; ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, სადაც განთავსებულია მედიცინის ფაკულტეტი; ელეფთერ ანდრონიკაშვილის ახელობის ფიზიკის ინსტიტუტში; ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში; პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 200-ზე მეტი აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს, უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები.    

Print

« იხ. ყველა სიახლე