„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა ნენსი მარლენმა მოაწერეს ხელი. ამერიკის შეერთებული შტატების (სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მეშვეობით, მომავალი 20 წლის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება ამერიკული და საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამები. ჩვენი ახალგაზრდები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ და საერთაშორისო სტანდარტების დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში, რაც შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.“
„დღეს მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა. ყველანი მივედით იმ ეტაპზე, როცა უშუალოდ ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას.
უნივერსიტეტებში მომზადდება პროფესორ-მასწავლებლები, შეიქმნება საჭირო ინფრასტრუქტურა - ლაბორატორიები და ა.შ. ეს არის სერიოზული
გარდატეხა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რომელიც პირდაპირ აისახება სწავლის ხარისხზე,“- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
თამარ სანიკიძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ-სთან ელექტრული ინჟინერიის, ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია) და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ
„საქართველოში იწყება თვისობრივად ახალი პროექტი, რომელიც თანამედროვე საინჟინრო სკოლას შექმნის. პროექტის განხორციელების შედეგად, მივიღებთ პრაქტიკულად ახალი თაობის ინჟინრებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარების დიპლომი ექნებათ. ამ დიპლომით ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც შეძლებენ მუშაობას. ამ პროექტით იხსნება ახალი შესაძლებლობები ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს გაიყვანს საერთაშორისო დონეზე.“
„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სტუდენტებს საქართველოდან შესაძლებლობას აძლევს განათლება საქართველოშივე მიიღონ
და აიღონ ამერიკული დიპლომი. მიმართულებები საკმაოდ პრესტიჟულია: ბაკალავრიატის დონეზე განხორციელდება საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური პროფესიების პროგრამები,“- აღნიშნა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტმა
ნენსი მარლენმა.
პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების განვითარების შედეგად. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.