2013-08-19
თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 100 დღეში საზოგადოების და მედიის წინაშე ანგარიშით წარსდგება
19 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„16 სექტემბერს იწყება ახალი სასწავლო წელი და უნივერსიტეტმა ტრადიციულად უნდა დაიწყოს სასწავლო წელი ისე, როგორც ეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეშვენის - ხარვეზების გარეშე,“-აღნიშნა
ვლადიმერ პაპავამ.
უნივერსიტეტში განსახორციელებელ სტრატეგიულ გეგმაზე საუბრისას ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა, რომ ეს გეგმა მის კონცეფციაშია ასახული, რომელსაც აკადემიურმა საბჭომ რექტორის არჩევისას დაუჭირა მხარი. უნივერსიტეტის, როგორც სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მთავარი ფუნქციაა ხელი შეუწყოს სტუდენტთა ცოდნის ამაღლებას.
ვლადიმერ პაპავა სექტემბრიდან ფაკულტეტების წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად სახელმძღვანელოების დეფიციტზეც იქნება საუბარი.
„თავად ფაკულტეტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რას აპირებენ სახელმზღვანელოებთან დაკავშირებით, სად არის დეფიციტი, რისგან არის ეს გამოწვეული, რომელი სახელმძღვანელო უნდა დაწეროს ქართველმა პროფესორმა, რომელი უნდა ითარგმნოს“ -აღნიშნა რექტორმა.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ვლადიმერ პაპავამ პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება:
„საუბარია იმაზე, რომ დოქტორანტები,რომლებიც დაიცავენ სადოქტორო ხარისხს და მოისურვებენ საქმიანობის უნივერსიტეტში გაგრძელებას, თუ აკადემიურ თანამდებობაზე ვაკანსია არ იქნება, უნივერსიტეტი მათთან 2-3 წლით ხელშეკრულებას გააფორმებს. ეს კი მათ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მისცემს. ასეთი ფორმა მიღებულია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.“
ვლადიმერ პაპავა კვირაში ერთხელ რექტორთან მიღების საათების დაწესებას აპირებს, რომლის დროსაც ნებისმიერ უნივერსიტეტელს, მათ შორის, სტუდენტებსაც, რექტორთან გასაუბრების, მათი პრობლემის გაცნობის საშუალება ექნება. თსუ რექტორი მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან.
ვლადიმერ პაპავა ჟურნალისტებს შეპირდა, რომ 100 დღის შემდეგ შეხვდება და გარკვეულ ანგარიშს ჩააბარებს იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა უნივერსიტეტში ამ ხნის განმავლობაში.
« იხ. ყველა სიახლე