2014-07-10

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ 10 ივლისს მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტში არის ტურიზმის სკოლა და ამ მიმართულებაზე სწავლით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული.  ჩვენი უნივერსიტეტისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ხელშეკრულების გაფორმებას. მემორანდუმი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ  ჩვენი სტუდენტობა და პროფესურა აქტიურად იყოს ჩართული  სახელმწიფო პროგრამებში, განხორციელდეს ერთობლივი პროექტები. ამასთან,  მემორანდუმით ჩვენს სტუდენტებს ამ სფეროში დასაქმების კარგი შესაძლებლობა ეძლევათ. ტურიზმის დეპარტამენტიდან ჩვენ საჩუქრად მივიღეთ  საკმაოდ სერიოზული ლიტერატურა - 250 დასახელების წიგნი, რომელიც გაამდიდრებს ჩვენს ბიბლიოთეკას.“
„ჩვენ ვაცნობიერებთ უნივერსიტეტის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ საკითხებში. თსუ არის ქვეყნის მთავარი ალმა მატერი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტთან მჭიდრო კონტაქტი. ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, სადაც საჭირო არის უნივერსიტეტის ინტელექტუალური, ადამიანური რესურსი,  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. დღეს ჩვენ უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლას გადავეცით ჩვენი ბიბლიოთეკის ძალიან დიდი ნაწილი, ეს არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოცემული წიგნები, ძირითადად სახელმძღვანელოები, რომლის ანალოგიც  საქართველოში პრაქტიკულად არ არის. ასევე  თსუ-ს შევთავაზეთ 80 ახალი ვაკანსია მობილური გიდების თანამდებობაზე და უნივერსიტეტი აქაც იქნება ჩვენი პარტნიორი.  ჩვენ უნივერსიტეტთან მომავალშიც ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში,“- აღნიშნა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საქმისთვის. ამასთან დაკავშირებით გაიმართება სამუშაო შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები.  თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტთან ერთად დაიგეგმება საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები; სასწავლო პროექტების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაცია გაუწევს რეკომენდაციას უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ და წარდგენილ სასწავლო და კვლევითი  ხასიათის პროექტებს ადგილობრივი ან უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მოსაპოვებლად; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების ადმინისტრაციაში, ასევე სხვა შესაბამისი სფეროს დაწესებულებაში პრაქტიკის გავლას, უზრუნველყოფს საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და კონფერენციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უნივერსიტეტისათვის.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის ტურიზმის განვითრების ინსტიტუტის ბიბლიოთეკას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოცემული 250 წიგნი.

Print

« იხ. ყველა სიახლე