2013-10-07

მრჩეველთა საბჭოს სხდომა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მრჩეველთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა.
„საბჭოს ჰყავს ახალი წევრები, მომზადდა ახალი დებულება. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს დებულებასთან ერთად ვიმსჯელეთ საერთაშორისო პრემიის შემოღებისა და სამეცნიერო - საუნივერსიტეტო კონფერენციების ჩატარების წესის განსაზღვრის შესახებ, ასევე იმ თემებზე, რის გარშემო დაინტერესებაც საბჭოს წევრებმა გამოხატეს,“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
რექტორის მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრის, გიორგი გოგოლაშვილის თქმით, მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე გადაწყვეტილება რექტორის არჩევნების შემდეგ მიიღო. „როდესაც მივიღეთ შემოთავაზება მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე, უარი არ გვითქვამს. გვაქვს იმედი, რომ ჩვენ აზრს ადმინისტრაცია შეისმენს და პრობლემური საკითხები, რომელიც არის უნივერსიტეტში, გამოსწორდება.“-აღნიშნა გიორგი გოგოლაშვილმა.
განახლებული მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომაზე რამდენიმე დებულების პროექტი განიხილეს. მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს დებულების პროექტი, საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების პროექტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეთა განსაზღვრის შესახებ დებულების პროექტი და ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეთა განსაზღვრის წესის შესახებ დებულების პროექტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში არიან ცნობილი მეცნიერები: ნუგზარ ალექსიძე, თამაზ გამყრელიძე, გიორგი გოგოლაშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, ჯემალ მებონია, შოთა ქისტაური, მზექალა შანიძე, ოთარ ჯაფარიძე, ლეო ჩიქავა და შოთა ცხოვრებაშვილი.
მრჩეველთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიკრიბება.





Print

« იხ. ყველა სიახლე