ივანე ჯავახიშვილის სახელობიოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაციის, პროფესურის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში ბოლო დროს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.
საუნივერსიტეტო საზოგადოება გმობს ყველა კანონდარღვევას, მათ შორის სენატის სხდომის ჩაშლის ფაქტს, რომელზეც კანცლერის არჩევნები უნდა გამართულიყო, ასევე სტუდენტური თვითმმართველობის წევრების შეჭრას რექტორატში, უნივერსიტეტის რექტორზე, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავაზე სტუდენტების მხრიდან ზეწოლის ფაქტს გადადგომის მოთხოვნით, ზეწოლას აკადემიურ საბჭოზე, მეექვსე კორპუსის ბლოკირებას და სასწავლო პროცესის შეფერხებას, 24 მაისს სტუდენტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, სტუდენტური თვითმმართველობის ოთახებში შეჭრას, საჯარო სივრცეში ურთიერთშეურაცხმყოფელ განცხადებებსა და სხვა ძალადობრივ ქმედებებს. იმისათვის, რომ თსუ დაუბრუნდეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ვითარება დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ
დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, საჭიროა სტუდენტებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვა, რასაც არამარტო საუნივერსიტეტო საზოგადოების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომა ესაჭიროება. მისი თქმით, დაძაბულობა სხვა მიზეზებთან ერთად განპირობებულია იმ საკანონმდებლო გაურკვევლობით, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მოლოდინმა შექმნა. როგორც დარეჯან თვალთვაძემ აღნიშნა,
„უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. ვთხოვთ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს რაც შეიძლება მალე დამთავრდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი, რომელიც სტუდენტური ორგანიზაციის სტატუსს განსაზღვრავს. ეს იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ დაპირისპირება სტუდენტებს შორის აღარ იყოს. ჩვენ პარალერულად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი ეს ინსტიტუცია ჩვენს უნივერსიტეტში, რაც პოზიციების შეჯერების შედეგად უნდა მოხდეს. მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მისაღები აქვს მთავრობასა და პარლამენტს.“
ამასთან, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების წამომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონმდებლობით სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციები და მოვალეობები მკაფიოდ გაწერილია და კანონში ცვლილების შეტანამდე სტუდენტებს ამ კანონით გაწერილი უფლება-მოვალეობების შესრულება უნდა შეეძლოთ.
„უნივერსიტეტის პროფესურის, სტუდენტთა დიდი ნაწილის, ადმინისტრაციის მოთხოვნაა დამთავრდეს ეს ძალიან ცუდი პროცესი და ყველაფერი დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს. ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე ,,აუდიტორია 115’’-მა ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა დატოვოს თვითმმართველობის დაკავებული ოთახები. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს დიალოგი და ჩვენ ყველამ ერთად მშვიდ ატმოსფეროში უნდა ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, რომელიც მრავლად არის და რომელიც უნდა გადაწყდეს,“- განაცხადა თსუ აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა
ელგუჯა მექვაბიშვილმა.
აკადემიური საბჭოს წევრის, თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ღვედაშვილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თითქმის ასწლიანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის იყო ლიდერი არამარტო ქვეყანაში, ასევე რეგიონში.
„უნივერსიტეტის მეცნიერებს მნიშვნელოვანი კვლევებით ათეული წლებია თავისი წვლილი შეაქვთ მსოფლიოს მეცნიერების განვითარებაში. ამიტომ დღევანდელ ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ მაღალი ხარისხის განათლების მიღებაში, რომ ჩაერთონ საერთაშორისო კვლევებში. ამისთვის აუცილებელია უნივერსიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს. განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი გარემოება არასტაბილური, დაძაბული გარემოა. მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, პროფესორს, მეცნიერს ერთიანი ვიყოთ უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, ერთად ვიმოქმედოთ უნივერსიტეტის გაუმჯობესებაზე, უნივერსიტეტის წარმატებისთვის“-აღნიშნა
გიორგი ღვედაშვილმა.
საკანონმდებლო ცვლილებებამდე ადმინისტრაციაში მიღებულია გადაწყვეტილება 213-ე და 303-ე აუდიტორიების ინვენტარიზაციის შესახებ იქ არსებული მატერიალური ქონების აღწერის მიზნით. ასევე გამკაცრდება რეაგირება სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე, რაც არაერთხელ დაფიქსირდა ამ პერიოდში.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის
დარეჯან თვალთვაძის განცხადებით,
„,უნივერსიტეტი არის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც 22 ათასამდე სტუდენტს და რამდენიმე ასეულ პროფესორსა და მეცნიერს აერთიანებს. მათ ესაჭიროებათ ნორმალური სწავლის და სამეცნიერო მუშაობის საშუალება.“ როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტის რექტორატი, აკადემიური საბჭო, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაცია იზიარებენ სტუდენტების მოსაზრებებს განათლების ხარისხის ამაღლების აუცილებლობასთან და ზოგადად განათლების რეფორმებთან დაკავშირებით, მზადყოფნას გამოთქვამენ სტუდენტებთან გადადგან ნაბიჯები განათლების სისტემის და უნივერსიტეტის უკეთესობისკენ შესაცვლელად. „
თუმცა მანამდე ჩვენ გვესაჭიროება სტუდენტების თანადგომა არსებული დაძაბულობის განსამუხტად და ვითარების ნორმალიზებისთვის. მოვუწოდებ სტუდენტებს ვიყოთ ერთიანი უნივერსიტეტის ინტერესებისთვის,“- აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.