2014-06-27

თსუ-ში ლუიჯი მაგაროტოსთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელობის უნივერსიტეტში  ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ცნობილი ქართველოლოგის, ლუიჯი მაგაროტოს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩი ფედერიკა ფავი, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით,  „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ დიდი იმედის, ოცნების განხორციელებისკენ, რომელსაც არაერთი საუკუნე ელოდა ქართველი ხალხი - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. სასიამოვნოა, რომ ამ მნიშვნელოვან მოვლენას სიმბოლურად დაემთხვა ცნობილი მეცნიერის, ქართველოლოგის ლუიჯი მაგაროტოს თსუ საპატიო დოქტორის მინიჭების საზეიმო ცერემონია. ვულოცავ ლუიჯი მაგაროტოს ამ საპატიო წოდებას. დარწმუნებული ვარ, მომავალში  მისი შემოქმედება კიდევ უფრო მდიდარი  და ნაყოფიერი იქნება, რაც საქართველოს საერთაშორისო პოპულარიზაციას დაეხმარება.“
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოგილოცოთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. საქართველო დიდხანს მიდიოდა ამ მიზნისკენ, შედეგი კი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. საქართველოს და იტალიას დიდი ხნის ურთიერთობა აქვთ. ლუიჯი მაგაროტო ბევრს შრომობდა ბოლო პერიოდში  ამ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დასაახლოებლად.  გულწრფელად ვულოცავ იტალიელ მეცნიერს ამ საპატიო ჯილდოს და დარწმუნებული ვარ, რომ იგი კიდევ ბევრს გააკეთებს საქართველოსა და იტალიის მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის,“- აღნიშნა იტალიის ელჩმა ფედერიკა ფავიმ.
„უაღრესად დიდი პატივია საქართველოს უძველესი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მონიჭება. ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა სწორედ ამ უნივერსიტეტის კედლებში დავიწყე. მე ძალიან მიყვარს ქართული კულტურა, ლიტერატურა, საერთოდ, საქართველო. დიდი მადლობა უნივერსიტეტს ჩემი ღვაწლის დაფასებისთვის,“- განაცხადა თსუ საპატიო დოქტორმა ლუიჯი მაგაროტომ.
ლუიჯი მაგაროტო  ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, ცნობილი ქართველოლოგია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნიუვერსიტეტის პროფესორებთან და მკვლევრებთან. მისი ინიციატივით ვენეციის უნივერსიტეტში პერიოდულად იკითხებოდა ლექციების ციკლი ქართველოლოგიის სხვადასხვა პრობლემებზე, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მისი ხელმძღვანელობით ვენეციის უნივერსიტეტში გამოიცემოდა ქართველოლოგიური სამეცნიერო კრებული „გეორგიკა“. მაგაროტო არის ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების იტალიურ ენაზე მთარგმნელი. მან თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები: „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველისმჭამელი“, ასევე გააცნო იტალიურენოვან მკითხველს გალაკტიონის, სიმონ ჩიქოვანის და ტიციან ტაბიძის პოეზია. ლუიჯი მაგაროტო ბევრს წერს ქართველი მწერლებისა და ქართული ლიტერატურის შესახებ. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი საისტორიო ხასიათის  მონოგრაფია „საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ (1783-1801წწ)“ და მრავალრიცხოვანი სტატიები ენციკლოპედიური ხასიათის გამოცემებში.
ლუიჯი მაგაროტოს ლიტერატურათმცოდნეობითი გამოკვლევები ქართველოლოგიის დარგში ძირითადად ეხება XX ს-ის I პირველი ნახევრის ქართულ ლიტერატურას, განსაკუთრებით „ცისფერყანწელთა“ მოღვაწეობას. 1999 წლიდან თსუ-თან არსებულმა ქართველოლოგიურმა სკოლის ცენტრმა ლუიჯი მაგაროტოს მიანიჭა მარჯორი უორდროპის პრემია.
ლუიჯი მაგაროტო დღემდე აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოცემული რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, ხშირად მონაწილეობს ქართველოლოგიის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში.



 

Print

« იხ. ყველა სიახლე