2012-06-15

“მისია 2012” – სტუდენტური კონკურსის ფინალი თსუ-ში

15 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის „მისია 2012“ ფინალი გაიმართა. ფინალისტი გუნდები კონკურსის ჟიურის წინაშე პრეზენტაციებით წარდგნენ. სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც მარკეტოლოგები, ფინანსისტები, სოციოლოგები და პიარის წარმომადგენლები იყვნენ, კონკურსის გამარჯვებულად გუნდი „PR Partner”-ი დაასახელა, გამარჯვებულ გუნდს 2500 ლარის ოდენობის ფულადი პრემია და პრიზები გადაეცა, კონკურსის საპრიზო მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად გუნდებზე: „სტრატეგია 2012“ და „Imagination station” გადანაწილდა.
„დიდი მადლობა ამ პროექტს, რომ მოგვცა საშუალება გამოგვევლინა ჩვენი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები. იმედი გვაქვს, რომ პროექტი გაგრძელდება და ბევრ სტუდენტს მისცემს საშუალებას გამოავლინოს საკუთარი თავი და გადადგას პირველი ნაბიჯები წარმატებული კარიერისთვის“, - აღნიშნა კონკურსის გამარჯვებული გუნდის ლიდერმა ნინო ცხადაძემ.
თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. კონკურსის წლევანდელი პარტნიორი კომპანია „გეოპლანტი“ იყო, საპრიზო ფინდმა კი, 5000 ლარი შეადგინა.
18 გუნდიდან 6 ფინალისტი გუნდის წარმომადგენლები ერთი თვის განმავლობაში კომპანია „გეოპლანტის“ ვირტუალური მარკეტინგისა და პიარის მენეჯერები იყვნენ და ფინალურ დავალებას - ჩაის ქართული ბრენდის - „გურიელი ხილის ჩაის“ ერთი წლის საკომუნიკაციო სტრატეგიას ქმნიდნენ.
„თვენახევრის განმავლობაში გვქონდა უშუალო კონტაქტი სტუდენტებთან, მათ კი თვის მხრივ შეხება ჰქონდათ რეალურ ბიზნესთან, რეალურ ბიზნეს–მოცემულობასთან, პროდუქტთან, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებულად იმკვიდრებს თავს ქართულ ბაზარზე. კონკურსანტებს უნდა შემოეთავაზებინათ კონკრეტული გზები და წინადადებები იმ ამოცანის ირგვლივ, რაც ამ პროდუქტის წინაშე დგას. ყველა გუნდმა კარგად გაართვა თავი ამოცანას, გვქონდა შენიშვნებიც. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სტუდენტებს თეორიული ცოდნა მეტი აქვთ, ვიდრე პრაქტიკული. გაიმარჯვეს საუკეთესოებმა და მოხარული ვარ, რომ ეს მათ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს განავითარებს“, - განაცხადა კომპანია „გეოპლანტის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა.
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა.
ფინალური დავალების შესრულების პროცესში კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტისა და კომპანიის ერთობლივი სემინარები მოეწყო. კომპანია „გეოპლანტის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა ფინალისტ 6 გუნდს კომპანიის განვითარების ისტორია, მიმდინარე სიახლეები და აქტივობები გააცნო . სემინარებზე კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა პრეზენტაციაც წარადგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული კომპანიის გაყიდვების სტრატეგია და განხორციელების გზები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი აკაკი ხელაძე კონკურსანტებს პროექტების წერისა და მართვის შესახებ ესაუბრა, ამასთან გუნდის წევრებმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ფინალური ნაშრომის მომზადებისათვის საჭირო ინდივიდუალური კონსულტაციებიც გაიარეს.
კომპანიის საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით კომპანიამ ფინალისტები რაჭაშიც მიიწვია. კონკურსანტებმა რაჭაში მდებარე ხილის ჩირის მწარმოებელი ქარხანა  მოინახულეს, რომელიც კომპანია „გეოპლანტს“ ხილის ჩაისთვის ნედლეულს აწვდის.
კონკურსის მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა შეაფასა:
„ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კონკურსი, კომპანიის ხელმძღვანელებმა კონკურსის მონაწილეებს დიდი დრო დაუთმეს, მიაწოდეს საკმარისი ინფორმაცია, მისცეს მათ პრაქტიკული გამოცდილება. კარგი პრეზენტაციები წარმოადგინეს სტუდენტებმა, ამიტომ რთული იყო გამარჯვებულის გამოვლენა. გამარჯვება მოიპოვა იმ გუნდმა, რომლის პროექტიც იყო ძლიერი სტრატეგიული კუთხით და თეორიულად განვითარებული“.
სტუდენტური კონკურსი ყოველწლიურია და მომავალ წელსაც გაიმართება.


Print

« იხ. ყველა სიახლე