ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები - ოსები და ქართულ-ოსური ოჯახების წარმომადგენლები ეწვივნენ. თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო ლექცია „ქართულ-ოსური ურთიერთობები: ისტორია და თანამედროვეობა“ წაიკითხა.
„კარგია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ის რეგიონია წარმოდგენილი, სადაც ყველაზე დიდი განცდაა ოსურ-ქართული ურთიერთობებისა. ის ნარატივი, რომ დღეს სწორედ ახალგაზრდები ესწრებიან ლექციას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის სამომავლო ურთიერთობისთვის,“ - აღნიშნა ნაირა ბეპიევამ.
ახალგაზრდებთან შეხვედრა თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გორის საზოგადოება „ბილიკის“ ინიციატივით გაიმართა.
„შიდა ქართლში დღესაც ცხოვრობენ ქართველები და ოსები ერთ თემში, მისდევენ ძველ ტრადიციებს, ქმნიან ქართულ-ოსურ ოჯახებს, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. დღევანდელი საჯარო ლექციის საშუალებით ახალგაზრდებმა საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს იმ ადამიანებისგან, ვინც ქართულ-ოსურ ურთიერთობებსა და ტრადიციებს კარგად იცნობს,“ - განაცხადა გორის საზოგადოება „ბილიკის“ ხელმძღვანელმა ლია გორელიშვილმა.
თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ქართულ-ოსური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შეიქმნა.