ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-11-22

შემოდგომის ლეგენდა 2012

22 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2012“ დაჯილდოების საღამო გაიმართა.
იმპროვიზაციული ტურის 10 მონაწილიდან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს. პირველი ადგილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დავით გორგილაძე გახდა, მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად დავით ბაბიაშვილზე და რატი წეროძეზე გადანაწილდა. გამარჯვებულებს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრემიები - 1000, 700, 500 ლარი და კომპანია ჯეოსელის სპეციალური პრიზები გადაეცათ. კონკურსის ათივე ფინალისტი სერტიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების საღამოზე იმპროვიზაციული ტურის საუკეთესო ნაწარმეობებისგან შექმნილი კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა. ბროშურა ფინალისტების ნაშრომებს და ჟიურის წერილებს მოიცავს. კონკურსის საუკეთესო ნაწარმოებების კრებული დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქარად გადაეცა.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენლები, კონკურსის ჟიურის წევრები და მონაწილეები დაესწრნენ.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.
ფინალისტები ქართულ შატოში 19 ოქტომებრს გაემგზავრნენ. კონკურსის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მონაწილეებისთვის ლიტერატურული შეხვედრა და გასული წლის გამარჯვებულის - ივა ფეზუაშვილის ფილმის „ბაბაზი“ ჩვენება მოეწყო. მერეში სტუდენტებთან ერთად იმპროვიზაციულ ტურს კონკურსის ლიტერატურული ჟიურის წევრებიც დაესწრნენ. ჟიურის შემადგენლობაში თანამედროვე ქართველი მწერლები დავით ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, სალომე ბენიძე და ივა ფეზუაშვილი შედიან. ჟიურის მეხუთე წევრი გასული წლის გამარჯვებულია. აღნიშნული ტრადიცია წელს ჩამოყალიბდა და კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ყოველ წელს პირველი ადგილის მფლობელი ავტომატურად მომდევნო წლის ჟიურის წევრი გახდება.
ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. I ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს - 17 სექტემბერს აიღო და სამი კვირის განმვალობაში ტარდებოდა. კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 196 კონკურსანტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 10 ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტებს შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თითო წარმომადგენლები არიან.
შემოდგომის ლეგენდა წელს მეოთხედ ჩატარდა. ლიტერატურული კონკურსი 2009 წელს იყალთოში და 2010 წელს ყვარლის ტბაზე გაიმართა, ხოლო 2011 წლის კონკურსს ლოპოტას ტბამ უმასპინძლა.

Print

« იხ. ყველა სიახლე