2013-12-04

უსინათლოთათვის განკუთვნილი კუთხის პრეზენტაცია თსუ ბიბლიოთეკაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) სტუდენტებისთვის განკუთვნილი სამკითხველო კუთხე გაიხსნა.
თსუ რექტორის პირველი მოადგილის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის განცხადებით, „გუშინ აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საერთაშორისო დღე და დღეს  ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო მოვლენის მომსწრენი. პროგრამა სოროსის ფონდის მიერ არის დაფინანსებული  და დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებით გამოვიყენებთ ამ შესანიშნავ კუთხეს. დღეიდან თსუ-ში არის კუთხე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სხვა სტუდენტებთან ერთად შეუძლიათ თავისუფლად მოვიდნენ და მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ.“
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ინიციატორები არიან თავად ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ თანატოლებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებზე ზრუნავენ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კარი ღიაა არა მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომელებისათვის, არამედ ყველასათვის. ამ ტექნიკით და ამ ლიტერატურით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც სჭირდება ამგვარი ტექნიკითა და ლიტერატურით სარგებლობა,“ - აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
პროექტის ავტორის, თსუ სტუდენტის ყარამან-გიორგი ბერიძის თქმით, „კუთხე სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროექტის მიხედვით და თსუ ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მოეწყო. დღეიდან თსუ-ში იქნება ადაპტირებული გარემო უსინათლოებისთვის, სადაც უსინათლო ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ კომპიუტერით, ბრაილის პრინტერით, სახელმძღვანელოების წამკითხველი სპეციალური სკანერით, რომელიც მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ თანაბარ პირობებში იყვნენ სხვა სტუდენტებთან ერთად.“
თსუ ბიბლიოთეკაში არსებული აპარატურის მეშვეობით საქართველოში პირველად ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომი გახდა უსინათლოთათვის. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზში კუთხე აღჭურვილია სპეციალური კომპიუტერებით, პრინტერებით, დისკებითა და ლიტერატურით: წარმოდგენილია კომპიუტერის კლავიატურა ბრაილის შრიფტით; დაპროგრამებული პრინტერი, რომელსაც ინტერნეტში განთავსებული ნებისმიერი ტექსტი გადაჰყავს და ბეჭდავს ბრაილის შრიფტით; კომპიუტერები, რომელშიც ჩატვირთულია სპეციალური პროგრამა. მომხმარებელს ამ პროგრამის საშუალებით ნებისმიერი ვებგვერდის  ნავიგაცია აუდიოვერსიით შეუძლია; ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, აუდიოჩანაწერები.
თსუ-ს მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა ინტეგრაციას საუნივერსიტეტო სივრცეში.  უსინათლოთათვის განკუთვნილი კუთხე თსუ სტუდენტების ჯგუფის მიერ მოპოვებული გრანტის „უსინათლო სტუდენტების ინტეგრაცია და ადაპტირებული გარემოს შექმნა“(ფონდი „ღია საზოგადოება“)  ფარგლებში  მოეწყო.

Print

« იხ. ყველა სიახლე