თსუ-სა და კიოლნის (გერმანია) უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საიუბილეო ღონისძიებაზე სამაგისტრო პროგრამის 2016 წლის კურსდამთავრებულებს კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებას გერმანიის საელჩოსა და საკონსულოს, GIZ-ის, DAAD-ის, ასევე, სხვადასხვა უწყებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის
ირაკლი ბურდულის თქმით,
„ათი წლის განმავლობაში 80-ზე მეტმა სტუდენტმა დაასრულა სამაგისტრო პროგრამა. გერმანულენოვანი საერთაშორისო პროგრამა ჩვენ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მიიღონ კიოლნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხი. სტუდენტები ერთ სემესტრს თსუ-ში სწავლობენ, ერთს - კიოლნში. ლექციებს გერმანელი პროფესორები კითხულობენ. ამ პროგრამის ყველა კურსდამთავრებული არის დასაქმებული საჯარო სამსახურებსა და კერძო სექტორში, რაც თავისთავად ზრდის მოთხოვნას ამ პროგრამაზე.“
„ეს პროგრამა წარმატების მოდელია არა მარტო თსუ-სთვის, არამედ კიოლნის უნივერსიტეტისთვის. ამაყები ვართ, რომ არაერთი თაობა გამოვზარდეთ ამ პროგრამის ფარგლებში. სამართლებლივი და დემოკრატიული საფუძვლების გარეშე არ არსებობს არც ერთი ქვეყნის მომავალი. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამაში,“- აღნიშნა კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორმა
ბერნარდ კემპენმა.
„2016 წლის კურსდამთავრებულებს საზეიმოდ გადმოგვეცა დიპლომები. მოხარულები ვართ, რომ თსუ-მ მოგვეცა ასეთი ბრწყინვალე შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით გერმანულ კულტურას, გერმანულ სამართლებრივ სისტემას, ღირებულებებს და
შემდეგ უკვე
გამოგვეყენებინა საქართველოში ჩვენი პრაქტიკული საქმიანობისთვის,“- განაცხადა კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა
გიორგი ხაზალიამ.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდნენ კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორები, პროგრამის ხელმძღვანელები
ბერნარდ კემპენი და
კრისტიან ფონ კოელნი.