2012-12-21

ფოტოგამოფენა „საგანძური“ თსუ-ში

21 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის დარბაზში  სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლის იუბილის ფარგლებში განხორციელებული ფოტოგამოფენის „საგანძური“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, წმინდა სინოდის წევრები, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, „საგანძურის“ მასპინძელი რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უამღლესი სასწავლებლების სტუდენტები დაესწრნენ. პროექტის გამორჩეულ მონაწილეებს  „საგანძურის მეგობრის“ წოდება მიენიჭათ.
„რვა რეგიონში მოგზაურობის შემდეგ გამოფენა უნივერსიტეტს ეწვია. გამოფენის დასკვნითი ნაწილის თსუ-ში გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს სტუდენტებს და უნივერსიტეტის სტუმრებს ეროვნული საგანძურის ფოტოასლების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ“ - აღნიშნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.  
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, „უნივერსიტეტში იმ ხატების ფოტოასლებია წარმოდგენილი, რომლებთანაც თაობები ლოცულობდნენ. მნიშვნელოვანია,.რომ ამ გამოფენის საშუალებით ბევრი ჩვენი მოქალაქე გაეცნობა ეროვნულ საგანძურს!“
ფოტოგამოფენა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული ქართული ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების ორიგინალების ზომებში შესრულებულ 40–მდე მაღალმხატვრულ ფოტო–ვერსიას აერთიანებს და წარმოადგენს ორიგინალურ საშუალებას უძველესი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და პოპულარიზაციისათვის.
„საგანძურის“ დევიზია პატრიარქის მოწოდება – „ ვიცოდეთ, რისი პატრონები ვართ! „ – და ამ მიზნით ხორციელდება ყველა საჭირო ღონისძება, რათა ყველას მოეფინოს ქართული სიწმინდეების უდიდესი მადლი და ხელი შევუწყოთ იმ საჭირო და საპატიო მისიების შესრულებას რისთვისაც ეს პროექტია მოწოდებული: ჩართოს ახალგაზრდობა ქართული მართლმადიდებლობისა და საქართველოს ისტორიის შესწავლასა და კვლევაში, წვლილი შეიტანოს მომავალი თაობების აღზრდაში, ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას ქართული მართლმადიდებლური, ჰუმანური და ტოლერანტული –  ტრადიციული ეროვნული ღირებულებების დაცვით.

Print

« იხ. ყველა სიახლე