26 აპრილს “თიბისი” გალერეაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა საუკუნის პროექტი წარმოადგინა. პირველ მასშტაბურ ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ონლაინ ვერსიაში 100 000-მდე სიტყვა-სტატიაა შეტანილი.
ონლაინ ლექსიკონზე მუშაობა უნივერსიტეტში თითქმის ნახევარი საუკუნე მიმდინარეობდა. 1995 წლიდან ლექსიკონის ტომებად გამოცემა დაიწყო, ამჟამად გამოცემულია 13 ტომი.
ლექსიკონის ონლაინ ვერსია ინტერნეტ სივრცეში 2009 წლის იანვრის ბოლოს განთავსდა და დღეისთვის მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავს მომხმარებელი.
“დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სახით, შეიქმნა მნიშვნელოვანი ლინგვისტური კორპუსი, რომლის ბაზაზე ლექსიკოგრაფიულ ცენტრს მრავალი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. მათ შორის ერთ-ერთია ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი და მისი ელექტრონული ვერსია, რომელსაც ქართველი მკითხველი 2011 წელს გაეცნობა”, – აღნიშნა ლექსიკონის შემდგენელმა და მთავარმა რედაქტორმა თინათინ მარგალიტაძემ.
ელექტრონული ლექსიკონის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. “ლექსიკონი სრულყოფილი და მეცნიერულად დამუშავებულია, მსგავსი ლექსიკონის არსებობა გაამარტივებს ენის შესწავლას, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვისაც,” – განაცხადა მინისტრმა.
ლექსიკონი ყოველდღიურად ივსება ახალი სიტყვა-სტატიებით, უახლესი მნიშვნელობებითა და ტერმინებით. ლექსიკონში წარმოდგენილია სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, ხელოვნების, თუ სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია.
“მაღალი ხარისხის და კარგად დამუშავებული ლექსიკონი წინაპირობაა ენის სრულყოფილად შესწავლისათვის. მოხარული ვარ, რომ ამ მასშტაბურ საქმეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდგას სათავეში. იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა ენებსაც მოვიცავთ და ამ ლექსიკონის მსგავსად კიდევ რამდენიმე შესანიშნავ ნიმუშს მივიღებთ”, - აღნიშნა შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.
პრეზენტაციაზე ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებაც ისაუბრეს. სამაგისტრო პროგრამაზე „ენა და ლექსიკოგრაფია“ მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს პირველად გამოცხადდა. პროგრამა ლექსიკოგრაფთა თაობების აღზრდას ისახავს მიზნად.
ღონისძიებაზე ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკონების ციკლის პირველი გამოცემის, ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონისა და მისი ელექტრონული ვერსიის პრეზენტაციაც შედგა. თსუ-ს ლექსიკოგრაფიული ცენტრის ინიციატივით 14-16 მაისს საქართველოში პირველად ლექსიკოგრაფიაში საერთაშორისო სიმპოზიუმიც ჩატარდება.