2011-03-16
15 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ დაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტის "სოციალური მუშაობის” მიმართულების პროფესორები, ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები და მაგისტრანტები დაესწრნენ.
„სოციალური მუშაკი უწევს დიდი თანადგომას და მხარდაჭერას მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებს სახელმწიფოს ზრუნვას. მათ შეუძლიათ აღმოუჩინონ იურიდიული, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, რაც მოქალაქეებს ყოფას უადვილებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალური მუშაკების გადამზადებას და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მოხარული ვარ, რომ ამ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ავღნიშნავთ“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ.
სოციალური მუშაობის მიმართულებით პირველი პროგრამა, ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში, 2005 წელს ამოქმედდა, სწორედ ამ პროგრამამ ჩაუყარა საფუძველი სოციალური მუშაკის პროფესიას საქართველოში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნული პროფესიის დაუფლებას სტუდენტებს სწავლების სამსაფეხურიანი ეტაპით სთავაზობს. ბაკალავრების პირველი ნაკადი თსუ-მ 2006 წელს მიიღო. აღნიშნული კურსი 2010 წელს 23 პროფესიას დაუფლებულმა სოციალურმა მუშაკმა დახურა. 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო, ხოლო გასული წლიდან კი, მსურველთათვის სადოქტორო პროგრამები ამოქმედდა.
„ამ პროგრამით სტუდენტების დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მზარდი და საჭირო პროფესია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეხუთე წელია პროფესიის დაუფლების მსურველებს სოციალურ მუშაკთა გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც სწავლება 180-მდე სოციალურმა მუშაკმა გაიარა. საჯარო და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული სოციალური მუშაკები სწორედ აღნიშნული პროგრამით გადამზადდნენ“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
2011 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა პარალელური სამაგისტრო პროგრამა ინგლისის შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც საშუალებას მისცემს თსუ-ის სოციალური მუშაობის მაგისტრატურის სტუდენტებს პარალელურად მოიპოვონ სოციალური ზრუნვის მაგისტრის ხარისხი შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტში. ეს ამ ტიპის თანამშრომლობის პირველი პრეცედენტია საქართველოში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში.
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური მუშაობის მიმართულება აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ბრიტანეთში, სლოვენიაში, უკრაინაში, ესტონეთსა და ლიტვაში.
სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია 1956 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად მარტის თვეში აღინიშნება.
« იხ. ყველა სიახლე