2011-07-05

კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის კონფერენცია

5 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო კრიმინოლოგიური კონფერენცია გაიხსნა. სამდღიანი კონფერენცია თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიისა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული. კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და ნორვეგიიდან. მოხსენებებით თემაზე – „სასჯელის მოხდის კრიმინოლოგიური ასპექტები“, „კორუფცია და მასთან ბრძოლის გზები“ თსუ–ის პროფესორები, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხთა დახმარების სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველისა და ციხის საერთაშორისო რეფორმის წარმომადგენლები წარსდგნენ.

„იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიისა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი ახალბედაა, რომლისთვისაც მსგავსი საერთაშორისო კონფერენცია დიდი გამოცდილება იქნება. მოწვეული ექსპერტები თავიანთ შეფასებებს გააკეთებენ და ეს აზრთა ურთიერთგაცვლა საკითხის უკეთ შესწავლას და რეფორმების წარმატებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

 კონფერენციის პირველ დღეს მთავარი მოხსენება საქართველოში მსჯავრდებულთა მდგომარეობას შესახებ გაკეთდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხთა დახმარების სამინისტროს წარმომადგენელმა ლიბერალური რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. ვიდეო პაემანი ის ინოვაციური სისტემაა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში დაინერგა და უკვე წარმატებით ხორციელდება. სასჯელის მოხდის პერიოდში ვიდეო პაემანით სარგებლობა მსჯავრდებულს თვეში სამჯერ შეეძლება. თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და პრობაციის თბილისის ბიუროს აკავშირებს, კომუნიკაცია ვიდეო თვალის მეშვეობით ხორციელდება. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მიმდინარე სამედიცინო რეფორმაზეც ისაუბრა.

„კონფერენციაზე ექსპერტებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გავაცანით სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამ ეტაპზე სამედიცინო რეფორმაა, რომელიც მსჯავრდებულთათვის მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს“, – აღნიშნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული საკითხთა დახმარების მინისტრის მოადგილემ გიორგი არსოშვილმა.
პირველი საერთაშორისო კრიმინოლოგიური კონფერენცია 7 ივლისს დასრულდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე