2012-06-27

ბესიკ ხარანაულის წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

27 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის წიგნის „ლექსები, პოემები 1954–2005“ პრეზენტაცია გაიმართა.
 „ლექსები, პოემები 1954–2005“ წარმოადგენს ბესიკ ხარანაულის შემოქმედების სრულ კრებულს. იგი მოიცავს 1954 –2005 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს და არის  პოეტის ორმოცდაათწლიანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. წიგნი  გამომცემლობა „ინტელექტმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.
„წარმოდგენილი კრებული ბესიკ ხარანაულის შემოქმედებითი საქმიანობის ორმოცდაათწლიან პერიოდს მოიცავს. მასში ადამიანური ემოციის, ფანტაზიის, რთული შრომის უდიდესი რაოდენობაა თავმოყრილი. მისი ნაყოფიერი შემოქმედება ქართული მიწიდან არის ამოზრდილი, რადგან ეს არის ძალიან ეროვნული, ძალიან სიღრმისეული და გულწრფელი ლიტერატურა“- აღნიშნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.
„მიხარია, რომ კრებულის პრეზენტაცია მშობლიურ უნივერსიტეტში იმართება. წიგნში ჩემი ორმოცდაათწლიანი შემოქმედებაა თავმოყრილი. მასში ჩემი პირველი გამოქვეყნებული ლექსიცაა შესული, რომელიც მეცხრე კლასის მოსწავლეს გრიგოლ აბაშიძემ დამიბეჭდა. საბჭოთა პერიოდში ჩემი თავისუფალი ლექსი ბევრისთვის გაუგებარი იყო. ახალ გემოვნებას ახალი სივრცე სჭირდება ყოველთვის. მაშინ მე არ მქონია შინაგანი დაპირისპირება ადამიანებთან, რომელთაც ჩემი ლექსები არ მოსწონდათ. ადამიანს პოეზიის მიმართულების არჩევის თავისუფლება უნდა მისცე. მაშინ მე სიტყვის ენერგიამ მიშველა“- განაცხადა ბესიკ ხარანაულმა.
როგორც თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ბესიკ ხარანაულის კრებულის პრეზენტაცია თსუ-ში გაიმართა. მისი თქმით, „ეს ძალიან ღირებული წიგნია არა მხოლოდ დღევანდელი მკითხველისთვის, არამედ მთლიანად ქართული ლიტერატურისთვის“.
პრეზენტაციას დაესწრნენ მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, თსუ სტუდენტები.
ბესიკ ხარანაული გამორჩეული შემოქმედია თანამედროვე ქართულ პოეზიაში. იგი არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურული ტრადიციების ღირსეული მემკვიდრე და ამავდროულად, ახალი, ნოვატორული მოვლენაა. ბესიკ ხარანაული ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული ნაწარმოების „ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის” და „სამოც ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა”.
მისი პოეზია თარგმნილი და გამოცემულია რუსულ, ბულგარულ და ფრანგულ ენებზე. ლექსების ნაწილი ითარგმნა გერმანულად, ჰოლანდიურად, იტალიურად, ჩეხურად, უნგრულად. 2010 წელს, მისი პოემის ფრანგული თარგმანი „წიგნი ამბა ბესარიონისა” გამოიცა საფრანგეთში.
 ბესიკ ხარანაული დაჯილდოვებულია სახელმწიფო პრემიით პოეზიაში, რუსთაველის პრემიით, საბას პრემიით პოეზიაში,  ოქროს სახეები და სახელები - წლის მწერალი (2009 წ.), საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით. 2011 წელს კი ბესიკ ხარანაული საქართველოს სახელით წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე