2011-01-14

სტუდენტური თვითმმართველობის 2010 წლის ანგარიში

12 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაჩი გუბაძემ 2010 წლის ანგარიში წარადგინა. მესამე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის ანგარიში უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, თსუ–ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა მოისმინეს.

ანგარიში ასახავს 2010 წლის ზაფხული–შემოდგომის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს, სპეციალურ სტუდენტურ და საქველმოქმედო ღონისძიებებს, კონკურსებსა და ინტელექტუალურ თამაშებს, რომელშიც უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი აქტიურად იყო ჩართული.

ანგარიშის მიხედვით მსგავსი ღონისძიებების საერთო რაოდენობამ დაახლოებით 90 შეადგინა. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა მათგან ყველაზე მასშტაბური რამდენიმე ღონისძიება გამოყო: ქალაქ ბათუმში, აგვისტოს თვეში, ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური ფესტივალი „ერისხმა 2010“ განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა 16 უნივერსიტეტის 320 სტუდენტმა მიიღო. თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ორგანიზება გაუწიეს 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ვარდების მოედანზე 500 სტუდენტმა სანთლებით საქართველოს რუკა დახატა და გარდაცვლილ ჯარისკაცთა სახელობითი 167 მანათობელი ცაში გაუშვა. 2010 წლის დასასრულს კი, თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის კლუბ ტრიუმფში საახალწლო წვეულება მოეწყო.

საერთო ჯამში გასული წლის ზაფხული–შემოდგომის პერიოდში თვითმმართველობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა 37 000 მეტმა სტუდენტმა მიიღო.







Print

« იხ. ყველა სიახლე