ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-05

„ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები”

საქართველოში შრომის სამართლის თანამედროვე პრობლემების განხილვისათვის ნეიტრალური აკადემიური პლატფორმის შექმნა და დიალოგის ხელშეწყობა იყო ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის „ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები” მთავარი თემა.  თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა, ამერიკელმა და ევროპელმა სპეციალისტებმა, პროფკავშირის წარმომადგენლებმა, მოსამართლეებმა და პარლამენტის წევრებმა ორი დღის განმავლობაში საქართველოში შრომითი ურთიერთობების და შესაბამისი კანონმდებლობის რეფორმის გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

ღონისძიებას  თსუ რექტორი გიორგი  შარვაშიძე, აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი ფელიქს ჰეტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უფროსი ტექნიკური მრჩეველი ჟოლტ დუდასი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

„საუბარი არის თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობის და შრომითი ურთიერთობების  ევროპულ კანონმდებლობასთან მეტად სინქრონიზება. ჩვენი მიზანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შესაბამისად უნდა მოხდეს სინქრონიზაცია ყველა მიმართულებით“,-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისივე თქმით, ევროპული კანონმდებლობა არის საუკეთესო მაგალითი თუ როგორ უნდა იქნას გათვალისწინებული ყველას, მათ შორის დამსაქმებლისა და დასაქმებულის, ინტერესები.

როგორც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა აღნიშნა, საქართველოს შრომის კანონმდებლობის დახვეწაზე ერთად მუშაობენ, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. "მთავარი ამოცანაა ერთობლივი მუშაობით შეიქმნას აუცილებელი მექანიზმები და რეგულაციები, რათა საქართველოს შრომის კანომდებლობა  ევროპული დონის გახდეს“-განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.

კონფერენცია „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით გაიმართა. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ „ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მაქსიმალურად დაახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან და დასავლურ ცივილურ სამყაროსთან. თუმცა, პრაქტიკაში განსახორციელებლად სხვადასხვა ახალი ინოვაციური პრაქტიკული მაგალითების დანერგვას და ამ თემებზე დიალოგს საჭიროებს“.

კონფერენციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა შეაჯამეს კონფერენციის შედეგები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.


Print

« იხ. ყველა სიახლე