ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-07-07

აკადემიური სამიტი და სემინარები თსუ-ში

7 ივლისს, 10.30 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ევროკავშირის საჯარო სამსახურის დაძმობილების  (ტვინინგის) პროექტის: "საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება ბოლონიის რეფორმის პროცესის გასახორციელებლად"_ მეოთხე რეგიონული აკადემიური სამიტი და სემინარები. ტვინინგის პროექტის თემაა "ინტერნაციონალიზაცია და თანამშრომლობა."  აკადემიური სამიტი გახსნა თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ. მისი თქმით, "უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაცია, ბოლონიის პროცესშიჩართვა სწავლის ხარისხისა და კვლევის დონის ამაღლების წინაპირობაა. ჩვენ უნდა გავზარდოთ უცხოენოვანი პროგრამები, გავზარდოთ უცხოელი სტუდენტების ხვედრითი წილი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, დავამყაროთ ახალი კონტაქტები და გავაღრმავოთ ურთიერთობები ყველა დონეზე. თსუ-ში ზოგიერთ ფაკულტეტზე სემესტრში 5-6 უცხოელი პროფესორი კითხულობს ლექცია-სემინარებს." სიტყვით გამოვიდა განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე. მან ისაუბრა საქართველოს ჩართვაზე უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში. "ჩვენ სამიტისა და სემინარების მიმდინარეობისას უნდა გავაკეთოთ დასკვნები, თუ რა მიმართულებით განვაგრძოთ სვლა. უცხოელმა ექსპერტებმა გაგვაცნონ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. ჩვენც გვაქვს გარკვეული გამოცდილება დაგროვებული, რომელსაც გავუზიარებთ უცხოელ პარტნიორებს."_აღნიშნა დავით კერესელიძემ. დღეიდან დაიწყება სემინარები, რომელსაც სემინარებს კაროლო ვიჰემინას ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი პროფესორი ასტრიდ სებასტიენი ჩაატარებს.  მოწვეული ექსპერტი მონაწილეებს აღნიშნულ საკითხზე გერმანულ გამოცდილებას გააცნობს. სემინარს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 30-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.

ტვინინგის პროგრამა ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას. პროგრამა გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად ხორციელდება.

ღონისძიებები თსუ-ში 7-9 ივლისს ჩატარდება.
Print

« იხ. ყველა სიახლე