ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-04

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე მრულიშვილმა მოაწერეს.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „თსუ, როგორც სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი სტუდენტებისთვის განათლებასთან ერთად, ორიენტირებულია ისეთი კადრების მომზადებაზე, რომლებიც საჯარო სამსახურშიც იქნებიან წარმატებულნი. თსუ-ს იუსტიციის სამინისტროსთან ტრადიციულად კარგი და ინტენსიური ურთიერთობა აქვს. იუსტიციის სასწავლო ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი ჩვენს სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს - სპეციფიკის გათვალისწინებით უკეთ იყვნენ ორიენტირებულნი, გამოიმუშავონ დამატებითი უნარები, რაც მათ ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურებში მუშაობის დროს.“
„იუსტიციის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სტუდენტებთან ურთიერთობაა. ჩვენი ცენტრი პასუხისმგებლობას იღებს - მხარში დაუდგეს სტუდენტებს მათი პროფესიული განვითარების  საქმეში. თსუ და ცენტრი მომავალი თაობის აღზრდაში ერთობლივად დიდ წვლილს შევიტანთ. მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტები კი ქაღალდზე ნამდვილად არ დარჩება და აუცილებლად განხორციელდება,“- აღნიშნა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე მრულიშვილმა.
გაფორმებული მემორანდუმის თანახმად,  მხარეები განახორციელებენ ერთობლივ, მათ შორის საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამებს, რომელიც აკადემიური ხარისხის მინიჭებასთან არის დაკავშირებული. ამასთან ერთობლივად განახორციელებენ ტრენინგებს სამართლებრივი კვლევების, სამართლის პოპულარიზაციის, საგანმანათლებლო საქმიანობის, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის.

Print

« იხ. ყველა სიახლე